ოპოზიციის ბრძოლამ „ოცნება” აიძულა, დატუქსული ბავშვივით მისულიყო და ცვლილებისთვის ხმა მიეცა – ვაშაძე

ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენაზე მიღებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს გამარჯვება ოპოზიციას უკომპრომისო ბრძოლამ მოიტანა.

„თავი დავიზღვიეთ მათი მანიპულაციებისაგან და სწორი იყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან მხარდაჭერა, მეორე მოსმენაზე რომ ჩავარდნილიყო, ისევ იქნებოდა შესაძლებელი კანონპროექტის შემობრუნება. მახსოვს ნოემბერში მათი ყეყეჩი განცხადებები, რომ არაფერი არ შეიცვლება, რომ 73/77 უნდა იყოს, შემდეგ უკვე მათი განცხადებები -100/50 არის ბოლო, მაგრამ უკომპრომისო სამართლიანმა და კოორდინირებულმა სტრატეგიულმა ბრძოლამ მოგვიტანა ეს გამარჯვება და აიძულა “ქართული ოცნება” თვითონ მისულიყო დატუქსული ბავშვივით და ხმა მიეცა საარჩევნო ცვლილებებისთვის,” – აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, გიორგი რურუამ აუცილებლად უნდა დატოვოს საპატიმრო.

“რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც დარჩენილია 8 მარტის შეთანხმებაში, გიორგი რურუა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს მოთხოვნა არცერთ შემთხვევაში არ გაქრება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით. ეს არის ის, რამაც ჩვენ მოგვცა მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმების შესაძლებლობა, ეს არის ის ფუნდამენტი და საფუძველი, რითიც ჩვენ ხელისუფლებას შევცვლით 31 ოქტომბერს, იმიტომ რომ აღარ ექნება “ქართულ ოცნებას” დიდი მანიპულაციის ჩატარების შესაძლებლობა”,– განახადა გიორგი ვაშაძემ.