უკრაინაში დილიდან საჰაერო განგაშია

დილიდან უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, გარდა დასავლეთ უკრაინისა საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი გაიყვანა და მზადყოფნაში მოიყვანა კალიბრის ტიპის 16 რაკეტა. უკრაინული მედიის  ინფორმაციით შეინიშნებოდა სტრატეგიული ავიაციის გააქტიურებაც. მოგვიანებით შავ ზღვაში რაკეტმზიდებს წყალქვეშა ნავიც დაემატა.

დილით განგაშისა და აფეთქების ხმები ისმოდა კიევში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ქალაქის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა.

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა კადრები კიევიდან, სადაც რაკეტის გაუვნებელყოფა და აფეთქების შედეგად წარმოშობილი კვამლი ჩანს. იმავდროულად, ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერხი ბრაჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით ჩამოაგდეს ერთ-ერთი რაკეტა სუმის რეგიონის თავზე. ოდესის რეგიონში აფეთქების ხმებიც ისმოდა. სავარაუდოდ საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვითარებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ოქტომბრიდან რუსეთი მასიურ დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.  სამხედრო ექსპერტები და უკრაინის შეიარაღებული ძალები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი უკრაინაზე დარტყმას წინასაახალწლოდ ან უშუალოდ ახალი წლის პერიოდში მიიტანს.

სამხრეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის თქმით არსებობს ნიშნები, რაც მეტყველებს, რომ რუსეთი მასირებულ სარაკეტო შეტევას უკრაინაზე სწორედ საზეიმო დღეებში განახორციელებს.