უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებენ და უკრაინელ კოლეგებთან, ასევე, პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან მუდმივ კავშირზე არიან.

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი:

”საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან.

უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.

როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.”- ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.