უკრაინაში მშვიდობა არ იქნება სანამ რუსეთი არ დამარცხდება–სენატორი ერნსტი

შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას აგრძელებს. შედეგად, რუსეთმა უკრაინაში თავდაპირველად დასახულ მთავარ სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია, თუმცა ჰქონდა ტაქტიუკური წარმატებები. ამერიკის სენატორი ჯონი ერნსტი, რომელიც აიოვის შტატის რესპუბლიკელი სენატორია, აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და ქვეყანაში განმეორებით შეჭრის საშუალება აღარ მიეცეს.

სენატორი ერნსტი საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა პოზიტიური უნდა დარჩეს და ევროკავშირისკენ სვლა გააგრძელოს, თუმცა სოციალურად კონსერვატიულ ქვეყანას საკუთარი ღირებულებების შენარჩუნების საშუალება უნდა მიეცეს. სენატორს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

“რუსები ძალიან შეცდნენ უკრაინელი ხალხის შეფასებაში, გამარჯვებისა და საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის მათი სურვილის შეფასებაში. ეს უკრაინელებზე ძალიან კარგად მეტყველებს. უკრაინის მოსახლეობას ნამდვილად სჯერა თავისი ქვეყნის და მზადაა იბრძოლოს, როგორც ჩვენ არაერთხელ გვსმენია – სისხლის ბოლო წვეთამდე.

ვხედავ, რომ რუსეთი და უკრაინა საბრძოლო პოზიციების მხრივ თითქმის თანაბრად არიან ჩიხში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გავაგრძელოთ მუშაობა უკრაინელებთან და პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკისთან, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, იმაში დასარწმუნებლად, რომ უკრაინელებს აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ რუსების დასამარცხებლად.

პირადად მე მჯერა, და ასევე ვიცით, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაც იგივეს ამბობს, რომ რუსების უკრაინიდან განდევნის გარეშე, მშვიდობა არ იქნება. მე მჯერა ამის… და ჩემი ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ რუსები უკრაინის ნაწილს დაიკავებენ, შემდეგ კი რამდენიმე წელიწადში ისევ დაბრუნდებიან და გააგრძელებენ თანდათანობით უკრაინის დანაწევრებას. არ ვფიქრობ, რომ ამას მშვიდობა და სტაბილურობა მოჰყვება უკრაინაში ან ევროპაში. ასე რომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელები რუსებს დამაჯერებლად დაამარცხებენ და მათ უკრაინიდან განდევნიან.“–ამბობს სენატორი ერნსტი.

სენატორი საუბრობს იმაზეც, თუ როგორ წარმოუდგენია რუსეთი ომის შემდეგ. ის თვლის, რომ რუსეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება:

“ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ რუსებს, იქნება ეს პუტინთან ერთად, თუ პუტინის გარეშე, უამრავი დაბრკოლება აქვთ გადასალახი. ვფიქრობ მათ საკუთარი მოსახლეობა მოატყუეს ამ შეჭრის თაობაზე. ვფიქრობ, წვევამდელები ზეწოლის ქვეშ არიან, ასევე ზეწოლის ქვეშ არიან ოჯახები, საიდანაც ეს ახალგაზრდები მოდიან.

ამ ეტაპზე მე ნაკლებად მაწუხებს რუსეთი. ახლა უფრო მეტად ვზრუნავ უკრაინაზე და მინდა დავრწმუნდე იმაში, რომ მათ სათანადო დახმარებას ვუწევთ. თუმცა, რაღაც მომენტში მოგვიწევს ყურადღება მივაქციოთ რუსეთს და იმას, თუ რა ხდება იქ და როგორი ხელმძღვანელობა ეყოლება ქვეყანას ომის შემდეგ. ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება და როგორ. რუსეთისა და რუსეთის მომავლის შესახებ ბევრი რამ უცნობია.“– ამბობს სენატორი.

რაც შეეხება საქართველოს, ჟურნალისტისმა სენატორს დაუსვა კითხვა:

–ნატოს მადრიდის სამიტზე, თქვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ [ირაკლი ღარიბაშვილს] კონგრესის დელეგაციასთან ერთად შეხვდით. როგორია თქვენი შთაბეჭდილება საქართველოზე, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე მოოვლენების ფონზე, ასევე ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადების ფონზე ევროპელებისგან? თქვენი აზრით, სად არის საქართველო დღეს?

“დიახ, მე ძალიან გამიხარდა ის, რომ შევძელით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ნატოს სამიტის დროს. მე უბრალოდ ვეტყოდი პრემიერ-მინისტრს და ყველა ადამიანს საქართველოში, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ დადებითი დამოკიდებულება და უნდა გააგრძელონ წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, ასევე ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ სხვა ერები ცდილობდნენ საქართველოს უკარნახონ ის, თუ რა უნდა იყოს მისი ღირებულებები. იმის გამო, რომ საქართველო სოციალურად კონსერვატიული ქვეყანაა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლებლობებზე უარი უნდა ვუთხრათ. ვაფასებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ორპარტიულ დელეგაციასთან შევხედრისთვის დრო გამოყო… და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ დარჩნენ პოზიტიური და გააგრძელონ წევრობისკენ სვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია.

ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობა საქართველოსთან დარჩება ძლიერი და კვლავ გავაგრძელებთ მასთან მუშაობას. მათ შეუძლიათ იყვნენ ევროკავშირის ძალიან ღირებული წევრი და ვიმედოვნებ, რომ უფრო ლიბერალური ქვეყნები, რომლებიც ამ დისკუსიებში მონაწილეობენ, მათ ევროკავშირის ღირებულ წევრად აღიქვამენ.“–ამბობს სენატორი.

წყარო: ამერიკის ხმა