უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციების შემდეგ ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ – კუჭავა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აცხადებს, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოძახებისა და მასთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება პოზიციას ჩამოაყალიბებს.

კუჭავას თქმით, სააკაშვილის თანმდებობაზე დანიშვნა დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა მიიღეს უკრაინის პარლამენტში და არ დაუჭირეს მხარი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ადამიანის არჩევას, რომელიც ძებნილია საქართველოში. ხოლო რაც შეეხება უკვე გაცილებით დაბალი დონის თანამდებობაზე მის დანიშვნას, ეს ის საკითხია, რომელიც დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ იქნა გამოწვეული ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამატებითი კონსულტაციებისთვის და ამის შედეგად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას,“- განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დანიშვნის გამო, საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა.