უკრაინა მზად არის კონტრშეტევისთვის, მაგრამ არსებობს რთული გამოწვევები მისი შეიარაღებული ძალებისთვის – NYT

უკრაინის არმია უკვე მზად არის კონტრშეტევისთვის. მან უკვე მიიღო იარაღი დასავლელი მოკავშირეებისგან და შექმნა შემტევი ქვედანაყოფები. ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი გამოცდა იქნება ზარალის აღდგენა და ომის  ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დაღლილი უკრაინის დამცველების მოტივაციის შენარჩუნება – წერს ამერიკული გამოცემა The New York Times.

გამოცემის ცნობით, შეიარაღებული ძალების მომავალი შეტევა იქნება უკრაინული ბატალიონების ხელახალი შეიარაღების, აღდგენის უნარისა და მოტივაციის შენარჩუნების  გამოცდა, რაც აქამდე მისი გამოკვეთილი უპირატესობა იყო.

„უკრაინის წარმატება სამხრეთ-აღმოსავლეთის დაბლობებზე ბრძოლებში მსოფლიოსთვის  რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალაუფლების დაკნინების მაჩვენებელი იქნება, შეამცირებს შფოთვას იმის გამო, რომ ომი  „ჭაობში“ ჩაეფლო და, სავარაუდოდ, წაახალისებს უკრაინის მოკავშირეებს უკრაინის შემდგომი  სამხედრო დახმარებისთვის“- ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

ამავდროულად, კონტრშეტევა სერიოზული გამოწვევა იქნება უკრაინისა და მისი არმიისთვის, რადგან უკრაინელ ოფიცრებს მოუწევთ საარტილერიო, ქვეითი და ჯავშანტექნიკის თავდასხმების ორგანიზება რუსული სანგრების, სატანკო ხაფანგების და დანაღმული ველების გასარღვევად.

“სამხრეთში რუსული ქვედანაყოფები აშენებენ თავდაცვით პოზიციებს მას შემდეგ, რაც ნოემბერში რუსები ხერსონის ოლქიდან გააძევეს. თანამედროვე დასავლური ტანკები, რომლებსაც აქვთ უკეთესი სიცოცხლისუნარიანობა და ცეცხლსასროლი ძალა, გადამწყვეტი იქნება ამ პოზიციების ლიკვიდაციისთვის”, – წერენ ჟურნალისტები.

მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ეველინ ფარკასი თვლის, რომ უკრაინის დამცველებს შეუძლიათ რუსეთის არმიას ისეთი ზარალი მიაყენონ, რაც გეოპოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევს, თუ ისინი დროულად მიიღებენ იარაღს. მან აღნიშნა, რომ „უკრაინას შეუძლია რუსეთის ფედერაცია აღმოსავლეთ ევროპაში დასუსტებულ სამხედრო ძალად აქციოს და ომის დასრულების მოლაპარაკებებისთვის მცირე ბერკეტები დაუტოვოს“.

აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა შესაძლოა დამოკიდებული იყოს რუსების მიერ დატოვებული დანაღმული ველების დაძლევაზე. ამასთან დაკავშირებით უკრაინის არმიის ძირითადი ყურადღება განმნაღმველი  მანქანებისკენ იქნება მიმართული.

ამავდროულად, მითითებულია, რომ უკრაინას შეუძლია შეტევა წამოიწყოს სამხრეთში, რაც დაყოფს რუსეთის ფედერაციის მიერ დაკავებულ ტერიტორიას ორ ზონად, გაწყვეტს მიწოდების ხაზებს და დროებით ოკუპირებულ ყირიმში არსებულ რუსულ ბაზებს უკრაინული არტილერიის  საცეცხლე წვდომის არეალში მოახვედრებს.