უკრაინა უარყოფს რუსეთის განცხადებას სოლედარის აღების შესახებ

რუს ოკუპანტებს დონეცკის ოლქშისოლედარი არ აუღიათ! რუსების განცხადებები რეალობას არ შეესაბამება – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ РБК-Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს”, – თქვა ჩერევატიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელს დამატებითი დეტალებზე არ უსაუბრია, რის მიზეზადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქი სოლედარი აიღეს. უწყების მტკიცებით, რუსულმა ძალებმა ქალაქის “გათავისუფლება” 12 იანვრის საღამოს დაასრულეს.

“12 იანვრის საღამოს ქალაქ სოლედარის გათავისუფლება დასრულდა, რაც მნიშვნელოვანია დონეცკის მიმართულებით წარმატებული შეტევითი ოპერაციის გასაგრძელებლად”, – აცხადებს რუსეთი.

ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, თუ უკრაინელები ქალაქის დატოვებას გადაწყვეტენ ეს არ იქნება უკან დახევა ან გაქცევა, მისი თქმით ეს იქნება სარდლობის გეგმიური გადაწყვეტილება.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარიდან წასვლას ჯერ არ აპირებენ, მაგრამ თუ ჩვენ ქალაქს დავტოვებთ, ეს არ იქნება გაქცევა, ეს იქნება სარდლობის გეგმიური გადაწყვეტილება. სიტუაციას ჩვენ ვაკონტროლებთ და ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენთვისაა უკეთესი” – არესტოვიჩი