უკრაინელებმა მელიტოპოლში რუსების დისლოკაციის პუნქტებს დაარტყეს. განადგურებულია 100-ზე მეტი ოკუპანტი

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯარების დისლოკაციის პუნქტებზე დარტყმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტოპოლის მერზე, ივან ფიოდოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მელიტოპოლის სხვადასხვა ნაწილში მაღალი სიზუსტის HIMARS-ის რაკეტებით საოკუპაციო ძალების დროებითი განლაგების პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს“, – აცხადებს ივან ფიოდოროვი.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, განადგურდა მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა.

„100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც დროებით ყაზარმებში იმყოფებოდა,  კობზონის კონცერტის ბილეთები მიიღო“ – ამბობს მერი.

მელიტოპოლი რუსებმა ომის დაწყების პირველ დღეებშივე დაიკავეს. ფიოდოროვი ტყვედ აიყვანეს, მოგვიანებით კი რუს სამხედროებში გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.