უკრაინელებმა სათათბიროდ შეკრებილი რუსი სამხედროები დაბომბეს. მსხვერპლი დიდია

ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის თქმით, უკრაინელებმა დაბომბეს შენობა, სადაც რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

სევეროდონეცკში უკრაინულმა არმიამ რუსებზე შეტევა მაშინ მიიტანა, როცა ისინი სათათბიროდ ერთ–ერთ შენობაში იყვნენ შეკრებილი. ამის შესახებ სერგეი გაიდაიმ ნაციონალური ტელემარათონის ეთერში მოყვა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები “ქიმიკოსთა სახლში“ შეიკრიბნენ(სავარაუდოდ საუბარია ქიმიკოსთა კულტურის სახლზე). დარტყმის შედეგად კი დიდი დანაკარგები მიიღეს.

“რაღაც წაიქიმიკოსეს და დაიხოცნენ. ახლა დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ფანჯრებშიც კი ჭურვები და ყუმბარები ცვიოდა. მოგვიანებით შევძლებთ ვთქვათ ზუსტად, ვინ დაეღუპათ ქიმიკოსთა სახლში.“

სერგეი გაიდაიმ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ სევეროდონეცკში სიტუაცია კვლავ რთულია. რუსები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა უკრაინელები თავდაცვას ახერხებენ. ზოგიერთ ქუჩაზე პოზიციური ბრძოლები მიდის. ჯერჯერობით უკრაინული ძალები ამბობენ, რომ ალყის საფრთხე არ არსებობს და ახლა მთავარია მებრძოლების აუცილებელი რესურსებით მომარაგება:

“არის საშუალება იქ გავგზავნოთ როგორც ადამიანური რეზერვები, ასვე იარაღი და ყველა საჭირო მარაგი, რაც ბიჭებს ჭირდებათ“–თქვა გაიდაიმ.