უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ხელს არ უწყობს ოპერაციის სწრაფად დასრულებას – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა იციან, რომ დასავლეთი მუდმივად უგზავნის სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

“ჩვენმა სამხედროებმა კარგად იციან, რომ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ნატოს წევრები მუდმივად გადასცემენ სადაზვერვო და სხვა პარამეტრებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ეს კარგად არის ცნობილი“, – ასე გამოეხმაურა პუტინის პრესმდივანი The New York Times-ის სტატიას, რომლის მიხედვით, აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაცია უკრაინელებს რუსი გენერლების დახოცვაში ეხმარება.

მისივე თქმით, იგივე ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება “არ უწყობს ხელს ოპერაციის სწრაფად დასრულებას, მაგრამ ამავდროულად, არ შეუძლია, შეაფერხოს დასახული მიზნების მიღწევა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს“.

პესკოვის თქმით, ”რუსი სამხედროები აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ამ სიტუაციაში”.