უკრაინის არმიამ ბოლო დღეღამეში რუსების რეკორდული რაოდენობა გაანადგურა–რას ნიშნავს ახალი ციფრები ექსპერტის აზრით

30 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით ბოლო დღეღამის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ 950 რუსი სამხედრო გაანადგურა, რის შემდეგაც რუსული არმიის დანაკარგმა 71200–ს მიაღწია.

რატომაა მნიშვნელოვანი რუსების ეს დანაკარგები, რონდელის ფონდის მკვლევარი, ექსპერტი ზურა ბატიაშვილი განმარტავს:

“უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსების ცოცხალი ძალის დანაკარგები 70 000-ს გადასცდა. ვთქვათ, ცოტათი გადაჭარბებულია და ვიანგარიშოთ 60 000. დაღუპულებისა და დაჭრილების თანაფარდობა დაახლოებით ერთი სამზეა ხოლმე. ანუ დაჭრილია მინიმუმ 180 000 რუსი ჯარისკაცი. ომიდან გამოთიშულების საერთო ციფრი დაახლოებით გამოდის 180 000 + 60 000 = 240 000. და ეს თითქმის სულ პროფესიული ჯარი იყო.

ახლა მობილიზებულებზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დღეებში რუსებში მსხვერპლი გასამმაგდა და ზოგიერთ შემთხვევაში გაოთხმაგდა კიდეც. აქ მოყვანილი 950 დაღუპული 1 დღეში სწორედ მაგას აჩვენებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან თუ აქამდე პროფესიონალი სამხედრობი იბრძოდნენ, ახლა უკვე მოხალისეების დიდი მასაა იქ (შოიგუმ გამოაცხადა, რომ 80 000 უკვე გაუშვეს ფრონტის ხაზზე), რომელთა დიდმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, როგორ მოიქცეს მაგალითად დაბომბვების დროს, რაც ზრდის მსხვერპლის რაოდენობას.

აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთიდან მოიმატა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ტემპმა.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ:
1. დიდი იქნება მსხვერპლი მობილიზებულებში და რუსეთში მობილიზაციის შედეგად წარმოქმნილი ერთგვარი ენთუზიაზმი მალე მინელდება;
2. უკრაინელები გაათავისუფლებენ კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს;
3. სამხედრო მარცხისა და მობილიზებულებში დიდი მსხვერპლის ფონზე რუსეთში მოიმატებს უკმაყოფილება, რისიც ყველაზე მეტად ეშინია პუტინის რეჟიმს.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გარდაუვალს ხდის და აახლოებს რუსეთის კრახს.“– ამბობს ბატიაშვილი.