უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში წარმატებით მიიწევენ წინ

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით ერთი დღის მანძილზე უკრაინულმა არმიამ ხერსონის ოლქში 8 კილომეტრით წაიწია წინ და ტერიტორია რუსების ოკუპაციისგან გაათავისუფლა. ამის შესახებ ტერიტორიული თავდაცვის 98–ე ბატალიონის, “აზოვ“ დნეპრის მებრძოლები ტელეგრამ არხზე წერენ.

უკრაინელი სამხედროები ტერიტორიების გათავისუფლების დეტალებზე არ საუბრობენ. ამიტომაც უცნობია, რა ადგილზე და რეგიონის  რომელ დასახლებულ პუნქტებში მოხდა დეოკუპაცია.

შეგახსენებთ, 1 ივნისს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრიაციის მეთაურმა, გენადი ლაგუტამ თქვა, რომ უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. მისი თქმით, ეს დნეპროპეტროვსკის ოლქის მხრიდან მოხდა და უკრაინული ჯარი წინსვლას განაგრძობს.

29 მაისს კრივოი როგის მერმა, ალექსანდრ ვიკულმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთით წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. მისი თქმით, სამხედროებმა 63 ოკუპანტი, თანამედროვე ტანკები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გრადი, არტილერია, ვერტმფრენები და თვითმფრინავი სუ–35 გაანადგურეს.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის პოზიციები კრიტიკულად სუსტია ხერსონის ოლქში და მისი მთელი ძალები დონბასშია კონცენტრირებული. ანალიტიკოსების აზრით რუსეთი სევეროდონეცკის აღებით მხოლოდ სიმბოლურ შედეგს მიიღებს, იმ დროს, როცა ხერსონი ოკუპანტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიაზე შემდგომი შეტევისთვის.