უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: რუსეთი ბახმუტს უტევს, ფრონტის სხვა მონაკვეთებში მხოლოდ თავს იცავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო ანგარიშით რუსეთი შეტევას მხოლოდ ერთი მიმართულებით  – ბახმუტთან აწარმოებს. ფრონტის დანარჩენ მონაკვეთებზე,  მათ შორის უგლედარსა და ზაპორიჟიაზე, ის თავდაცვით პოზიციებს იკავებს. ავდიივკაზე რუსები ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობენ და ირგვლივ დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ.

რუსეთის ხელისუფლება 2023 წლის პირველ კვარტალში  უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების იუნკერების ვადაზე ადრე გამოშვებას გეგმავს.  რუსეთში მზადება მიმდინარეობს მობილიზაციის მორიგი ტალღისთვის, რომელიც იანვარ-თებერვლისთვის არის დაგეგმილი –  იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

მანამდე კრემლმა   21 სექტემბერს დაწყებული ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულება გამოაცხადა და  მობილიზაციის ახალი ტალღისთვის მზადება უარყო.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ჯარების დისლოკაციის ადგილებს დაარტყეს. მტრის ქვედანაყოფების დამარცხება 28-29 ნოემბერს ინჟენერნოეს, პოლოგისა და ტოკმაკის დასახლებებში დადასტურდა.