უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევისას ათასობით რუსი სამხედრო, მათ შორის ოფიცრები ტყვედ აიყვანეს–Die Welt

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევისას ათასობით რუსი სამხედროს ტყვედ აყვანა შეძლეს. მათ შორის არიან რუსეთის არმიის მაღალჩინოსანი ოფიცრები. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გერმანელმა ჟურნალისტებმა მათ კითხეს, როგორ მოახერხეს უკრაინულმა ძალებმა სწრაფად გაეთავისუფლებინათ ხარკოვის ოლქში ასეთი დიდი ტერიტორია, რაზეც წყარომ უპასუხა, რომ გენერლები საკუთარი ჯარისკაცების შეჩერებას ვეღარ ახერხებდნენ:

“ამას რაციონალურად ვერ ახსნი. შეიძლება ეს უბრალოდ სიმამაცეა. გენერლები უკვე ვეღარ აჩერებდნენ საკუთარ ჯარისკაცებს. მხოლოდ მაშინ გაჩერდნენ, როცა საწვავი გაუთავდათ“– თქვა მან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიის თავდაცვითი ხაზები ხარკოვის ოლქში ჩამოიშალა, ოკუპანტები კი გაიქცნენ. ამიტომაც უკრაინულმა არმიამ ზოგიერთი ქალაქი ერთი გასროლის გარეშე აიღო.

“ხარკოვში რუსული არმია მზად არ იყო უკრაინელების მაშტაბური შეტევისთვის. მოსკოვმა ჯარები უკრაინის სამხრეთით გადაიყვანა, რათა უკრაინელების შეტევისთვის მომხადებულიყო. ხარკოვში რუსული არმიის ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს არ გაითვალისწინა თავდაცვითი პოზიციების კარგად დაკომპლექტების აუცილებლობა“– წერს Die Welt.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ოპერატიული მეთაურობა “სამხრეთის“ მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ხერსონთან მყოფი რუსი სამხედროები ცდილობენ უკრაინულ ძალებთან კონტაქტზე გავიდნენ და ტყვედ ჩაბარდნენ. უწყებამ აღნიშნა, რომ რუსები ალყის შიშით საბრძოლო ტექნიკას ადგილზე ტოვებენ და გარბიან.

უკრაინული გენშტაბის ინფორმაციით რუსეთი ახალი ძალების გადასროლას უკრაინაში ვეღარ ახერხებს, რადგან რუსები მასობრივად ამბობენ უარს ომში მონაწილეობაზე უკრაინული არმიის წარმატებების გამო.