უმაღლესი დონის მეთაურებს აზოვსტალი არ დაუტოვებიათ – პუშილინი

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი აცხადებს, რომ უმაღლესი დონის უკრაინელ მეთაურებს აზოვსტალის ქარხანა არ დაუტოვებიათ.

“ამჟამად უმაღლესი დონის მეთაურები აქ არ არიან, ისინი არ წამოვიდნენ [აზოვსტალის ქარხნიდან], მაგრამ ჯერჯერობით…”,– თქვა დენის პუშილინმა რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით.

მისივე განცხადებით, ჩაბარებული უკრაინელი მებრძოლების ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

“რაც შეეხება ომის დამნაშავეებსა და ნაციონალისტებს, მათი ბედი, ვინც იარაღი დადო, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. თუ ეს ნაცისტი დამნაშავეა, იქნება ტრიბუნალი”,– აღნიშნა პუშილინმა.

ცნობისთვის, აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქარხანა 959-მა ჯარისკაცმა დატოვა. უკრაინა გეგმავს, ისინი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს.