უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ძალა, მე ამ ბრძოლაში ვიქნები რიგითი ჯარისკაცი – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს და ამბობს, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მას სწორედ ეს ესახება გამოსავლად. გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღეს არც საქართველოს მოქალაქეები და არც ქვეყნის პარტნიორები დასავლეთში, არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება მხოლოდ ერთ ძალას გადააბარონ:

ქართველი ხალხი და ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს, ან ქართულ ოცნებას, ან ნაციონალურ მოძრაობას.

უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება – ამბობს გიორგი მარგველაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ დებატებში” საუბრისას.

კითხვაზე, ასეთი ძალის შექმნის შემთხვევაში, აპირებს თუ არა თავად პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს:

“მე ამ ბრძოლაში ვიქნები ერთ ერთი რიგითი ჯარისკაცი ისე როგორც ყოველთვის ვიყავი ხოლმე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ჩემ როლს ვთამაშობდი ” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და პოლიტიკურ კრიზისს, მარგველაშვილის შეფასებით – “მიდის დემოკრატიის დაბრუნების ძალიან მძიმე პროცესი” , ქვეყანა უკვე ღრმა ავტორიტარიზმის გზაზეა და “ქართული ოცნება” ამას აღარც მალავს:

„ჩვენ ვართ ღრმად შესული იმ ავტორიტარიზმის გზაზე, რომელსაც უკვე აღარც მალავს და ევროპას და დასავლეთს უცხადებს ქართული ოცნება „- ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველო მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო ნელ-ნელა რუსეთს ემსგავსება: “ჩვენ თუ რუსეთს დავამსგავსეთ სახელმწიფო, რაღად გვინდა რუსეთთან ომი… ძალიან ემსგავსება, თავის პროპაგანდით, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებით. ამ სახელმწიფოს შესუსტება რუსული მოდელით მიმდინარეობს და ეს მძიმე დასანახია” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.