უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს ევროპარლამენტის დათხოვნა უნდა

ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობა მწვავდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თვლის, რომ ბოლოდროინდელმა კორუფციულმა სკანდალმა ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის მონაწილეობით ეჭვქვეშ დააყენა ამ ინსტიტუტის სანდოობა და ამიტომ ეს ორგანო უნდა გაუქმდეს მისი ამჟამინდელი სახით.

Associated Press-ის ცნობით, ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროკავშირმა უნგრეთისთვის 12 მილიარდ ევროზე მეტი დაფინანსება გააყინა იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა არღვევს სასამართლოს დამოუკიდებლობას, არ იღებს ზომებს კორუფციის აღმოსაფხვრელად და არღვევს უმცირესობათა უფლებებს.

ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობას ამწვავებს  უნგრეთის მთავრობის ლობირება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შესამსუბუქებლად, რომლებიც ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო შემოიღო.

უნგრეთი რეგულარულად ბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების მიღებას უკრაინაში მისი შეჭრის გამო, მოითხოვს  რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციების შემსუბუქებას, ან სანქციების პაკეტებში ბირთვული ენერგიის არარსებობის შესახებ ულტიმატუმების დაყენებას. ორბანმა დაბლოკა სანქციების მიღება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილის წინააღმდეგ.

უფრო მეტიც, შემოდგომის დასაწყისში ორბანმა მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციის გაუქმება ამ წლის ბოლომდე, რადგან ისინი სავარაუდოდ იწვევდნენ ინფლაციას და ზოგადად უარყოფით გავლენას ახდენდნენ ევროკავშირის ეკონომიკაზე. ორბანმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის ფედერაციის დამარცხებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ამჟამინდელი მხარდაჭერით.