„უნდა შეჩერდნენ რუსეთის მოკავშირეები, მათ შორის საქართველოშიც“– ივანიშვილი პუტინთან მოკავშირეობის გამო შესაძლოა ამერიკული სანქციების სიაში მოხვდეს

ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკელი მარკუეინ მალინი ეხმაურება კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს, სახელწოდებით “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”.

“უნდა შეჩერდეს რუსეთის აგრესია და მისი მოკავშირეები, მათ შორის, საქართველოში. ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგია შეიცავს რუსეთის მიმართ ყველაზე მკაცრ სანქციებს, რაც კი აქამდე ყოფილა “, – წერს მალინი ტვიტერზე.

ანგარიშში 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ დღემდე არსებული სანქციები პუტინის იმ საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც “ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს ძირს უთხრიან” საკმარისად არ ეხება და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  უნდა გააფართოვოს სანქცირებულთა  სია და ამ სიაში უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც სახელდება.

“რუსეთის მიმართ სანქციები მისი დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგაც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც შემოთავაზებული იყო ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

არსებული სანქციები საკმარისად არ ეხებიან პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს უთხრიან ძირს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და მოკავშირეა უკრაინაში, რომელიც იყენებდა თავის მედია იმპერიას ქვეყანაში ზიანის მომტანი რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რადგან კონგრესს განესაზღვრა სამომავლო სანქციები და ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა”,- წერია ანგარიშში.

ანგარიშს ხელს აწერენ კონგრესმენები: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი.