უნდობლობის გამოცხადების პროცედურას დავიწყებთ, როცა 50 დეპუტატის ხელმოწერა გვექნება – მანჯგალაძე

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ 50 ოპოზიციონერის ხელმოწერის შეგროვებას ცდილობენ, რომ მთავრობის უნდობლობის პროცედურა დაიწყონ. მისი თქმით, ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი ამ საკითხზე “ფიქრობს”.

“ჩვენ ინიციატორები ვიყავით უნდობლობის პროცედურის გამოცხადების, მაგრამ არ არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისეთი დიდი, რომ შეგვეძლოს 50 კაცის შეგროვება. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა დრო ითხოვა, რომ ჩამოაყალიბოს პოზიცია. როგორც კი გვექნება 50 ხელმოწერა, მაშინვე დავიწყებთ უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას, რაც არის კონსტიტუციური.

50 დეპუტატის მოგროვების პრობლემა თეორიულად არ არის, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ამ წუთში 50 ხელმოწერა არ გვაქვს. ამ წუთში არის 46 დეპუტატის თანხმობა, დანარჩენები ფიქრობენ. ვადა აქვთ ხვალამდე აღებული და მოვლენებს არ დავასწრებ. მათი არგუმენტია, რომ მაინც ვერ გავიყვანთ ბოლომდე, 76-ზე”, – განაცხადა მანჯგალაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.