უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი – ილია II

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო სულიერად გაბრწყინდება. მისი თქმით, უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს სხვა ერების ცხოვრებაზე.

„გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე”,- თქვა პატრიარქმა.

12 მაისს საქართველოში წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.  ასევე, აღინიშნება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.