უფლებადამცველი თუ შინაგანად არ ხარ, როგორც არ უნდა დაგაბრალონ, გაჩუქონ კომიტეტი, უფლებადამცველი ვერ გახდები – ბესელია კილაძეზე

უფლებადამცველი თუ შინაგანად არ ხარ, როგორც არ უნდა დაგაბრალონ ეს, დაგარქვან სახელი და გაჩუქონ კომიტეტი, რომელიც სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს მისი წყალობით და არა უფლებადაცვით საქმიანობას, უფლებადამცველი ვერ გახდები,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის კანდიდატურის გაეროს ბავშვთა კომიტეტში წარდგენას არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება.

„მეც ვიზიარებ ამ პათოსს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქვთ და აქვთ სრულიად სამართლიანად. უფლებადამცველი თუ არ ხარ შინაგანად და არ გაქვს მგრძნობელობა რა არის ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც არ უნდა დაგაბრალონ ეს, დაგარქვან სახელი და გაჩუქონ კომიტეტი, რომელიც სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს მისი წყალობით და არა უფლებადაცვით საქმიანობას, უფლებადამცველი ვერ გახდები. ის, რომ კილაძის მიმართ არსებობს ასეთი მკვეთრად კრიტიკული და უარყოფითი განწყობა უფლებადამცველებისა, მე არ მიკვირს, რადგან ის არ არის უფლებადამცველი, მან არ იცის უფლება დაცვითი საქმიანობა და იმდენად შორს არის ამ საქმიანობიდან, რომ არანაირი მგრძნობელობა უფლებების დაცვის მიმართულებით არ აქვს და ეს არის აბსოლუტური ფარსი, ამიტომ აბსოლუტურად ვიზიარებ ამ კრიტიკას, რაც არსებობს,“- აცხადებს ბესელია.