უცნობმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ მის ძმას ბიუჯეტიდან 7 მილიონის დაფინანსება არ მიუღია–ფლანგვის დეტექტორი

“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ–“უცნობმა“ იცრუა, როცა მისივე გადაცემაში უარყო მისი ძმის ბიზნესის ბიუჯეტიდან დაფინანსება. 21 სექტემბერს ღამის ეთერში გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, გამოეხმაურა მის გადაცემაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პოლიტიკოსმა ზურა ჯაფარიძემ მას შეახსენა მისი ძმის კომპანიის მიერ სახელმწიფოსგან მიღებული 7 მილიონ-ლარიანი დაფინანსება, რომელიც ქართული ღვინის ამერიკულ ბაზარზე გასვლას უნდა მოხმარებოდა. აღნიშნული განცხადება აგრეთვე სიუჟეტის სახით გაავრცელა ტელეკომპანია იმედმაც.

უცნობის თქმით, მისი ძმა ამ კომპანიას შპს “გლობალ ბრენდს” არ ფლობდა და საერთოდაც ამ კომპანიის დირექტორის მრჩევლის ფუნქცია ჰქონდა მხოლოდ, რაც თურმე მან ახლა გაიგო კომპანიის დირექტორთან საუბრის შემდეგ.

ფორმალურად მის ძმას მართლაც მხოლოდ მრჩევლის/კონსულტანტის პოზიცია ეკავა ამ კომპანიაში. ეს დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებიდანაც, სადაც ლევან გაჩეჩილაძე საერთოდ არ არის ნახსენები და დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიაში, რომელიც 2017 წელს დაარსდა, დირექტორის თანამდებობას 2017-2020 წლებში ტარიელ ჩიჩუა იკავებდა, ხოლო 2022 წლიდან ერთპიროვნული დირექტორი ლევან სილაგაძე გახდა, რომელიც მანამდე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, შემდეგ ფინანსური დირექტორი, ბოლოს კი ერთპიროვნული დირექტორი.

თუმცა აქ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებებია, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება სწორედ ლევან გაჩეჩილაძამ მოუტანა, კერძოდ:

როგორც შპს გლობალ ბრენდის დირექტორი ტარიელ ჩიჩუა ერთ-ერთი ინტერვიუში ამბობს, “დაკარგული ედემის” პროექტის იდეაზე, რომელიც საბოლოოდ სახელმწიფომ დააფინანსა და რომელიც ქართული ღვინით ამერიკული ბაზრის ათვისებას ისახავდა მიზნად, მუშაობა 2015 წელს ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად დაიწყო და სწორედ ის იყო ამ პროექტის ავტორი. საბოლოო ჯამში მათ იდეა მთავრობას წარუდგინეს, რომლის ხელმძღვანელი გაჩეჩილაძის მეგობარი გიორგი კვირიკაშვილი იყო და საბოლოოდ საპარტნიორო ფონდისგან დაფინასნებაც მიიღეს.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ამ პროექტის გამოსყიდვის უფლება აქვს ოფიციალურად, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეს პროექტი წარმატებული იქნებოდა და მოგებაზე გავიდოდა, მაშინ ლევან გაჩეჩილაძე პროექტს გამოისყიდდა და თვითონ იქნებოდა  პროექტის მეპატრონე, შესაბამისად მის საკუთრებაში არსებული კომპანიით გააგრძელებდა ამერიკულ ბაზარზე ოპერირებას.

თუმცა თუკი პროექტი წარმატებული ვერ იქნებოდა, გაჩეჩილაძეს არანაირი ვალდებულება ექნებოდა ამ პროექტის გამოსყიდვის, შესაბამისად პროექტის რისკები მთლიანად სახელმწიფომ იტვირთა.

სტუდია მონიტორის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ლევან გაჩეჩილაძე და ტარიელ ჩიჩუა ამბობენ, რომ სამწუხაროდ მათ ვერ გათვალეს ყველა დეტალი წინასწარ, სანამ ამერიკულ ბაზარზე გავიდოდნენ, ამიტომაც ღვინის ექსპორტი დაგვიანდა და შესაბამისად პროექტის წარმატებით განხორციელების ვადებმაც გადაიწია.

აღსანიშნავია, რომ ტარიელ ჩიჩუა 2018-2019 წლებში აგრეთვე შპს თბილ-ავიამშენის დირექტორი იყო, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაარსებული კომპანიაა. ამ წლებში მუშაობისას მას მხოლოდ ხელფასის სახით 26,000 ლარი აქვს აღებული. სახელმწიფო შპს-ში მისი დირექტორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩიჩუას კავშირებს ხელისუფლებასთან, რასაც ემატება ლევან გაჩეჩილაძის კავშირები ხელისუფლების მაშინდელ და ამჟამინდელ წარმომადგენლებთან (გიორგი კვირიკაშვილი; დავით საგანელიძე), რაც კიდევ უფრო განამტკიცებს იმ აზრს, რომ ამ რაოდენობის დაფინანსება, თანაც ისე, რომ რისკები სახელმწიფომ იკისრა, გაჩეჩილაძის ბიზნესიდეამ აღნიშნული კავშირების გამო მიიღო.

ჯერ კიდევ 2020 წელს ონლაინ გამოცემა კომერსანტი წერდა, რომ კომპანიას აშშ-ს ბაზრის ათვისება  2018 წელს უნდა დაეწყო, მაგრამ “დაკარგული ედემი” არათუ დახლებზე დევს, არამედ ღვინო 2020 წლის მონაცემებით საერთოდ ჩამოსხმულიც კი არ იყო. 2022 წლის მონაცემებით კი არ არსებობს რაიმე სანდო წყარო, რაზე დაყრდნობითაც შევძლებდით იმის თქმას, რომ ღვინო ჩამოსხმულია და უკვე ამერიკის ბაზარზეც არის გატანილი. ამის ერთადერთი დამადასტურებელი წყარო მხოლოდ და მხოლოდ ტარიელ ჩიჩუას ფეისბუქ პოსტია, რომელიც მან სოციალურ ქსელში 21 სექტემბრის გადაცემის შემდეგ დაწერა.

წყარო: ფლანგვის დეტექტორი