ფეიკი “ზელენსკის იახტების” შესახებ–როგორ მოქმედებს რუსული დეზინფორმაცია აშშ-ში უკრაინის დახმარების გადაწყვეტილებაზე

რუსეთში მცხოვრები ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითის ვებსაიტმა გაავრცელა ჭორი, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ გამოიყენა ამერიკის მიერ უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი ფული, რათა ორი ძვირადღირებული იახტა შეეძინა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარა დეზინფორმაცია იყო, ჩანაფიქრმა იმუშავა. ამ ფეიკმა ინტერნეტში გავრცელება დაიწყო და გავლენა მოახდინა ამერიკელ კონგრესმენებზეც კი, რომლებიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ კიევისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ.

BBC Verify-ის ინფორმაციით, ვებსაიტის განცხადება ძალიან საეჭვო და სადაო იყო: ზელენსკიმ, თითქოსდა, 75 მილიონი დოლარი გადაიხადა ორ იახტში მისი ორი მრჩეველისა და ცრუმაგიერი პირების მეშვეობით. ამას არა მხოლოდ კატეგორიულად უარყოფს უკრაინის ხელისუფლება, არამედ გაირკვა, რომ აღნიშნული იახტები რეალურად საერთოდ არც გაყიდულა.

და მაინც, ამბავი მივიდა აშშ-ს კონგრესის წევრებამდე, რომელთა ლიდერები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის შემდგომი დახმარების გაწევის შესახებ ახალ წლამდე გადაიდება, და ზოგიერთი სრულიად ეწინააღმდეგება ასეთ დახმარებას.

„ვინც ხმას აძლევს უკრაინას დახმარებას, ასუბსიდირებს ყველაზე კორუმპირებული საგარეო ომის სქემას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – თქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა სოციალურ მედიაში და მტკიცებულებად სწორედ იახტების შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მოიყვანა.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯ.დ ვენსმა ანალოგიურად ისაუბრა ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვისას. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან შეამცირონ სოციალური შეღავათები, სიღარიბისთვის გაწირონ ჩვენი მოხუცები, და რისთვის? რომ ზელენსკის მინისტრებმა იყიდონ უფრო დიდი იახტები? – განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ იახტების შესახებ ჭორები ყალბი აღმოჩნდა, BBC-მ აღმოაჩინა, რომ ეს ამბავი ფართოდ გავრცელდა რუსეთთან დაკავშირებულ ვებსაიტზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაფუძნებულია ვაშინგტონში. გამომძიებელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ეს  ვებსაიტი, სავარაუდოდ, არის “სპეციალურად შექმნილი ინსტრუმენტი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მთავრობასთან,და შექმნილია იმისთვის, რომ გარკვეულ ისტორიებს სანდოობის ელფერი შესძინოს“.

“ვაშინგტონის” ვებგვერდი რუსული ფესვებით

ეს ამბავი პირველად ნოემბრის ბოლოს გავრცელდა არაფრით გამორჩეულ YouTube არხზე, რამდენიმე გამომწერით და მხოლოდ ერთი გამოქვეყნებული ვიდეოთი.

მაგრამ ეს ამბავი აიღო ვებსაიტმა სახელწოდებით DC Weekly, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა ორი იახტის ფოტო, Lucky Me და My Legacy, და დოკუმენტაცია, რომელიც თითქოს ადასტურებს მათ მიყიდვას ზელენსკის პარტნიორებისთვის.

თუმცა, კომპანიის ბროკერები, რომლებმაც იახტები გასაყიდად გამოიტანეს, აცხადებენ, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია, რომ ზელენსკის ან მისი მრჩევლების მიერ გემების შეძენის დოკუმენტები რეალურად ყალბია და იახტები ჯერ საერთოდ არ გაყიდულა.

ვითომ ამერიკული ყოველკვირეული გამოცემის, DC Weekly-ის მასალამ  გამოიწვია მწვავე დისკუსიები,  მრავალი წყარო სწორედ მას ეყრდნობოდა და სხვადასხვა პლატფორმებზე ხდებოდა მისი ციტირება.

თუმცა, სახელის მიუხედავად, გამოცემა საერთოდ არ არის ყოველკვირეული გამოცემა და არ მდებარეობს ამერიკის დედაქალაქში.

როგორც სამხრეთ კაროლინას კლემსონის უნივერსიტეტის დეზინფორმაციის მკვლევარებმა, დარენ ლინვილმა და პატრიკ უორენმა გაარკვიეს, გამოცემა დააარსა ჯონ მარკ დუგანმა, ყოფილმა საზღვაო ქვეითმა და შემდეგ პოლიციელმა ფლორიდადან, რომელიც 2016 წელს რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად.

დუგანი სამი წლის განმავლობაში მსახურობდა პალმ ბიჩის ოლქის შერიფის მოადგილედ და, 2009 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ, დააარსა ვებგვერდი, სადაც მან დაიწყო ჭორების გავრცელება ყოფილ დამსაქმებლებზე. ის ამტკიცებდა, რომ ამ გზით ებრძოდა კორუფციას პოლიციის წრეებში, მაგრამ FBI-ის  რეიდის შემდეგ, მისივე აღიარებით, იძულებული გახდა შემოვლითი გზით გაქცეულიყო რუსეთში, სადაც  პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

იქ მან დაიწყო ჟურნალისტური  და საგამოძიებო საქმიანობა და დაიწყო ცრუ ან უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელება. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზანი იყო იქ ბიოლოგიური ლაბორატორიების განადგურება, სადაც, სავარაუდოდ, იარაღს ამუშავებდნენ, რომლებიც ექსკლუზიურად რუსული მოსახლეობის განადგურებისთვის იყო განკუთვნილი.

კლემსონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ასევე დაადგინეს, რომ DC Weekly აქვეყნებს სხვა საიტებიდან აღებულ და ხელახლა დაწერილ ისტორიებს AI ტექნოლოგიის გამოყენებით და რომ გამოცემის “რეპორტიორებს” აქვთ ყალბი სახელები და ფოტოები.

თუმცა, სხვა საიტებიდან გადაწერილ ისტორიებს შორის, რომლებიც აშკარად შექმნილია პუბლიკაციისთვის ლეგიტიმური იერის მისაცემად, ასევე არის მათი საკუთარი რეპორტაჟები  ძალიან საეჭვო შინაარსით.

ერთ-ერთი ასეთი რეპორტაჟი იქცა ჭორების საფუძვლად ზელენსკის იახტების შესახებ და კლემსონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა თვალყური ადევნეს როგორ “აფეთქდა“ ამბავი ინტერნეტში მას შემდეგ, რაც ის DC Weekly გამოაქვეყნა.

მათ შეაგროვეს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ DC Weekly-ის ვებსაიტი დაკავშირებული იყო იმავე სერვერთან, რომელთანაც იყო დაკავშირებული  დუგანის საკუთრებაში არსებული სხვა ვებსაიტები. BBC Verify-მ ასევე აღმოაჩინა, რომ DC Weekly ვებსაიტის მინიმუმ ნაწილი მოსკოვში არსებულ სერვერზეა განთავსებული.

ამ წლის დასაწყისში ნობილი გახდა, რომ დუგანი იყო DC Weekly-ის კომენტატორი მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე ლექცია წაიკითხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

“ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ დუგანს დიდი ხანია კავშირია აქვს DC Weekly-თან და ინფრასტრუქტურასთან, რომელიც ამ გამოცემის უკან დგას”, – ამბობს უორენი.

თავად დუგანმა ტექსტურ შეტყობინებაში დაწერა, რომ „კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს“ და რომ მან გაყიდა DC Weekly 3000 დოლარად რამდენიმე წლის წინ. ის ამტკიცებს, რომ არ ახსოვს ვის მიჰყიდა გამოცემა და რომ დაკარგა საქმის მთელი დოკუმენტაცია მას შემდეგ, რაც გადახდის პლატფორმებიდან ამოიღეს და დაკარგა წვდომა ელფოსტაზე რუსეთის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების გამო. დუგანი ასევე აცხადებს, რომ მას არაფერი აქვს საერთო საიტის ამჟამინდელ ფუნქციონირებასთან.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ DC Weekly მხოლოდ უფრო დიდი პრორუსული პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია.

“სინამდვილეში არ აქვს მნიშვნელობა, ერთი კონკრეტული ადამიანი დგას თუ არა ამის უკან,” ამბობს უორენი. ”მთავარი ის არის, რომ ეს არის ძალიან ფართო და ეფექტური რუსული გავლენის კამპანიის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც უნდა იყოს გამოვლენილი და გასაგებად ახსნილი.”

ზელენსკის ცოლის საყურეები და სამაჯურები

გამოგონილი იახტის ისტორია წარმატებით აძლიერებს შეშფოთებას კორუფციის შესახებ, რომელიც მართლაც სერიოზულ პრობლემად რჩება უკრაინაში. მის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდაა, რომლის გავლაც ქვეყანას მოუწევს, თუ ისეთ დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანება სურს, როგორიცაა ევროკავშირი.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI) უკრაინა 116-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის, თუმცა მისმა მცდელობებმა ამ ფენომენთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო ბოლო წლებში.

ამავდროულად, სოციალურ ქსელებში გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა უკრაინაში კორუფციის რეალურ პრობლემებს, ვიდრე ყალბი დოკუმენტებითა და ჩრდილოვანი ანგარიშებით „მხარდაჭერილ“ სხვადასხვა ფეიკებს.

მაგალითად, ოქტომბერში სოციალურ ქსელებში ფართოდ განიხილეს ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დახარჯა ვლადიმერ ზელენსკის მეუღლემ ზღაპრული ფული ნიუ-იორკის მაღაზიებში ძვირფასეულობაში, სანამ უკრაინის პრეზიდენტი გაეროში სიტყვით გამოდიოდა.

ამ ქალმა აჩვენა ყალბი ქვითარი მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამკაულზე, რომელიც თითქოსდა ნიუ-იორკში შეიძინა ელენა ზელენსკამ.

 

ისევე, როგორც იახტების შემთხვევაში, ამჯერადაც ჭორი გაავრცელა უცნობმა YouTube არხმა მინიმალური რაოდენობის გამომწერებით და ერთი გამოქვეყნებული ვიდეოთი. ვიდეოში ქალი ამტკიცებდა, რომ ბენინიდან იყო და მუშაობდა Cartier-ის მაღაზიაში ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე.

ქალმა აჩვენა გადახდის ქვითარი, დათარიღებული 22 სექტემბერით, ელენა ზელენსკას სახელით და 1,1 მილიონი დოლარის ინვოისი სამაჯურის, საყურეებისა და ყელსაბამისთვის, რომელიც სავარაუდოდ ამ მაღაზიაში იყო შეძენილი.

სახის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ამ ვიდეოში გამოსახული ქალის ახლო მსგავსების დადგენა რუსეთში სანქტ-პეტერბურგის მკვიდრთან, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელებშია იძებნება.

BBC Verify-ის თანამშრომლების თქმით, YouTube-ის არხზე ვიდეოში გამოსახული ქალი და ქალი რუსეთიდან ერთი და იგივე პიროვნებაა.

თუმცა, მილიონი დოლარის ძვირფასეულობის ამბავი ვირუსულად გავრცელდა ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook, TikTok და Telegram, და რუსეთის საელჩომ გაერთიანებული სამეფოს სოციალური მედიის ანგარიშზე X-ში კი გააძლიერა ის კომენტარით „ბრიტანელი გადასახადის გადამხდელების ფულის საუკეთესო გამოყენება“.

იმავდროულად, 22 სექტემბრით დათარიღებული გადახდის ქვითარი აშკარა ყალბია. ვლადიმერ და ელენა ზელენსკები ნიუ-იორკიდან კანადაში 21 სექტემბერს გაფრინდნენ.

და ერთმა  ინგლისურენოვანმა ვებგვერდმა, DC Weekly-მ, მთავარი როლი ითამაშა ამ ჭორების გავრცელებაში.

როგორც BBC Verify-ისა და Clemson University-ის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, ამ წლის აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდში, DC Weekly-მ გამოაქვეყნა არაერთი სტატია, რომლებიც იგივე სცენარით მუშაობს.

სტატიები მოიცავდა ცრუ განცხადებებს იმის შესახებ, რომ პრინცი ენდრიუ ფარული ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში, რომ უკრაინა აწვდიდა იარაღს ჰამასს, რომ ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციები იღებდნენ ორგანოებს ტრანსპლანტაციისთვის უკრაინიდან და რომ ზელენსკის ადმინისტრაცია დასავლურ კომპანიებს აძლევდა უფლებას გამოიყენონ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწა ტოქსიკური ნარჩენების  დასამარხად.

DC Weekly–ზე  ისტორიები ხშირად ქვეყნდებოდა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად ისინი  YouTube-ზე გამოჩნდებოდა.

DC Weekly-ს ვებგვერდის  გარდა, ზოგიერთი ბრალდება, მათ შორის ჭორები იახტებისა და Cartier-ის სამკაულების შესახებ, ასევე გამოჩნდა პრო-კრემლისტურ ინგლისურენოვან საიტებზე და აფრიკის ქვეყნების ლეგიტიმურ საინფორმაციო საიტებზე, რომლებიც აქვეყნებენ „დასპონსორებულ“ კონტენტს საფასურის სანაცვლოდ. .

და მხოლოდ ამის შემდეგ აიტაცეს ეს ისტორიები სხვა საიტებმა და ანგარიშებმა. მაგრამ ყალბი იახტის ისტორიის შემთხვევაში, DC Weekly-ის უკან მდგომებმა მოახერხეს უპრეცედენტო წარმატების მიღწევა: მათი განცხადებების გამეორება დაიწყეს აშშ-ს კონგრესის ყველაზე გავლენიანმა ადამიანებმა.

წყარო: BBC