ფიასკოს შედეგია ის, რომ შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შესვლა უნდა – ირაკლი ქადაგიშვილი

“ფიასკოს შედეგია ის, რომ შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შესვლა უნდა” – აცხადებს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

“კომიტეტი იმსჯელებს და დასკვნას გამოიტანს. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადებას, ამას თავისი ფორმა აქვს. პოლიტიკური ბოიკოტი დეპუტატს სხვა საპარლამენტო უფლებამოსილების შესრულებისგან არ ათავისუფლებს! 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და დამაზიანებელი პოლიტიკა აირჩია, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ, ეს გზა სრული ფიასკოთი დამთავრდა. ამ ფიასკოს შედეგია ის, რომ დღეს, შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შემოსვლა უნდა და რა თქმა უნდა, ამ სცენის ისე დადგმას ცდილობს, რომ რაღაცნაირად, იმიჯურად თავი გადაირჩინოს. ეს არის ამ ყველაფრის შინაარსი. ჩვენ მაშინ პოლიტიკური მოთმინება გამოვიჩინეთ, რადგან ჩვენთვის მთავარი სადამსჯელო ღონისძიების გატარება არ იყო – მთავარი იყო, პარლამენტის წევრები გამხდარიყვნენ ის ადამიანები, ვისაც ხალხმა მანდატი მისცა. პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში, ამაზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში გვექნება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.