ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს მაკროსაფინანსო დახმარებას “ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს”, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა.
“ფინანსური დატვირთვა პრაქტიკულად აღარ აქვს აღარ აქვს, გამომდინარე იქედან, რომ არის 75 მილიონი ევროს კრედიტი და მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება არის განსხვავებული და პროგნოზირებულთან შედარებით, დაახლოებით დამატებით მილიარდი ლარის აკუმულირება მოხერხდა ბიუჯეტში, გამომდინარე იქედან, რომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 12,7% იყო პირველი ექვსი თვის მაჩვენებელი, მაშინ, როდესაც პროგნოზი ამის ნახევარიც არ იყო. ანუ, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს”, – თქვა კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე თქმით, ევროკავშირი დაეხმარება თუ არა ქვეყნას, “ევროკავშირის გადასაწყვეტია”, მაგრამ “ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მოქმედებს ქვეყნის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად”.
ცნობისთვის, 24 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ “მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში”.