ფინელი მუსიკოსები ისრაელის ევროვიზიის კონკურსიდან ჩამოშორებას ითხოვენ

2023 წელს ისრაელი ევროვიზიაზე ნოა კირელმა წარადგინა და მესამე ადგილი დაიკავა

ფინური მუსიკალური ბიზნესის თითქმის ათასხუთასმა მოღვაწემ ხელი მოაწერა პეტიციას ისრაელის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან გარიცხვის მოთხოვნით. კონკურსის ორგანიზატორები ამის მიზეზს ჯერჯერობით ვერ ხედავენ.

პეტიციის ავტორები ისრაელს ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებში ადანაშაულებენ. მათ მიაჩნიათ, რომ თუ კონკურსის ორგანიზატორი, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU), უარს იტყვის ისრაელების გარიცხვაზე, მაშინ ფინურმა მაუწყებელმა, Yle-მ უნდა ფინელი კონკურსანტი უნდა გაიწვიოს.

პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა, კულტურის აქტივისტმა ლუკას კორპელაინენმა გაზეთ Hufvudstadsbladet-ს განუცხადა, რომ ევროვიზიის ორგანიზატორებმა არ უნდა მისცენ ისრაელს საშუალება კონკურსში მონაწილეობით „გაისუფთაოს თავისი იმიჯი“.

ავტორები მაუწყებელს Yle-ს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ იმ მოტივით, რომ მისმა წარმომადგენლებმა პირველებმა მოითხოვეს რუსეთის გარიცხვა ევროვიზიიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

Yle-ის მენეჯმენტის წევრმა ვილ უილენმა  რუსეთის უკრაინაში  შეჭრიდან მეორე დღეს თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებებს, რომლებსაც Yle და ევროპის სხვა მაუწყებლები წარმოადგენენ და ამიტომ რუსი მონაწილეები არ უნდა დაუშვან კონკურსში.

ახლა ვილენი ამბობს, რომ რუსეთისა და ისრაელის ერთ დონეზე დაყენება შეუძლებელია.

„რაც არ უნდა საშინელი იყოს [ღაზას მოვლენები], ეს არ არის აგრესიული ომი სახელმწიფოებს შორის, როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის“, განუცხადა მან გაზეთ „ილტა სანომატს“ რამდენიმე ხნის წინ.

პეტიციასთან დაკავშირებით, Yle-ს სპიკერმა ჯერე ნურმინენმა განუცხადა გაზეთ Hufvudstadsbladet-ს, რომ კომპანია აკვირდებოდა სიტუაციას და განიხილავდა მას EBU-სთან და ევროპის სხვა საზოგადოებრივ მაუწყებლებთან. გარდა ამისა, მისი თქმით, Yle-ს მენეჯმენტი პეტიციის ავტორებთან შეხვედრას აპირებს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დეკემბერში განაცხადა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მართავენ მაუწყებლები და არა მთავრობები და რომ ისრაელის კომპანია აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობის ყველა მოთხოვნას.

წლევანდელი ევროვიზია მაისის დასაწყისში შვედეთის ქალაქ მალმოში გაიმართება.

კონკურსზე ბრიტანეთს პოპ მომღერალი ოლი ალექსანდრე წარადგენს , რომელიც ასევე გამოვიდა  ისრაელის წინააღმდეგ და  მხარი დაუჭირა განცხადებას, რომელიც ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელმა უპასუხა, რომ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია ისინი,  ვინც განცხადებას მოაწერეს ხელი, მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

დეკემბერში ისლანდიის კომპოზიტორთა და სიმღერის ავტორ პოეტთა ასოციაცია  ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოიკოტისკენ  მოწოდებით გამოვიდა იმ დრომდე, სანამ ისრაელს კონკურსიდან არ მოხსნიან.

ღაზას სექტორში სამთვიანი ომის დროს, ჰამასის ჯგუფის მიერ კონტროლირებადი ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასმა და სხვა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა 7 ოქტომბერს ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს  ისრაელის კიბუციებსა  და ქალაქებზე ღაზას სექტორის მახლობლად, მოკლეს  დაახლოებით 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა და მძევლად აიყვანეს 240-მდე ადამიანი.