ფლოიდის საქმეში ბრალი დანარჩენ კიდევ სამ პოლიციელს წაუყენეს

პოლიციის სამ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ, მკვლელობაში ხელშეწყობისთვის ბრალი წაუყენეს. დერეკ შოვინს კი, პოლიციელს, რომელიც დაკავებისას ფლოიდს კისერზე 8 წუთზე მეტხანს აჭერდა მუხლს, დანაშაული დაუმძიმდა.

შოვინს ახლა მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ახალი ბრალდება 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, 15 წლით მეტს, ვიდრე თავდაპირველი, მესამე ხარისხის მკვლელობა.

მინესოტის შტატში მცხოვრები 46 წლის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის ოთხმა პოლიციელმა დააკავა. დაკავების მომენტი შემთხვევით გამვლელმა ტელეფონით გადაიღო.

ვიდეოს სოციალურ ქსელებში გავრცელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

დერეკ შოვინი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ამერიკაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დღეს ამერიკის თითქმის ყველა დიდ ქალაქში კვირაზე მეტია დემონსტრაციები იმართება. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ყველა პოლიციელის გასამართლება იყო, ვინც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდა.

წყარო: ამერიკის ხმა