ნატოს კარი კვლავ ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლნტებერგმა ბუქარესტის მინსტერიალზე გააჟღერა. დენ ფრიდი, ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი თავად იყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩასული, სადაც ეს ისტორიული დაპირება პირველად გაჟღერდა. ფრიდი თვლის, რომ ნატოში გაწევრიანების დაპირება რეალობად რომ იქცეს, როგორც საქართველოსა და უკრაინას, ისე ნატოს ბევრი აქვთ სამუშაო.
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი დენ ფრიდს ნატო-საქართველოს სამომავლო პერსექტივაზე, ნატოს მხრიდან საქართველოსთვის გაცემულ დახმარებასა და დასავლეთიდან საქართველოს მოქმედი მთავრობისთვის წარდგენილ მოთხოვნებზე ესაუბრა. კითხვაზე, რას ნიშნავს ნატოს ბოლო მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების ერთგულნი რჩებიან და ნატოს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის ღიაა, დენ ფრიდი პასუხობს:
ეს სამართლიანი და რთული შეკითხვაა. მე 2008 წლის ბუქარესტის სამიტს ვესწრებოდი. მას შემდეგ, არაფერი გაკეთებულა, რათა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება წინ წასულიყო.
მას შემდეგ, მოზომილად რომ ვთქვათ, საქართველოს მთავრობა შერეულ სიგნალებს აგზავნის იმასთან დაკავშირებით, მართლაც სურს თუ არა ნატოს წევრობა.
უკრაინის მთავრობა და უკრაინელი ხალხი, აშკარად დაინტერესებული არიან ნატოში გაწევრიანებით. ომის ახლანდელი ეტაპის დასრულების შემდეგ, ნატოს მოუწევს კარგად გადახედოს უსაფრთხოების ღონისძიებებს, რათა რამდენიმე წელში პუტინმა ეს ომი კვლავ არ განაახლოს იმ გარემოებებსა და დროში, რომელიც მისთვის იქნება ხელსაყრელი.
უკრაინის, ან საქართველოს რუხ ზონაში დატოვება უსაფრთხოებას არაფერს მოუტანს.
საქართველოს ახლა სხვა გამოწვევაც აქვს: ხედავს თუ არა საქართველოს ახლანდელი მთავრობა თავის მომავალს ევროპაში. რა თქმა უნდა, ქართველებსაც შეუძლიათ მოგვიბრუნდნენ და გვკითხონ, სერიოზულად ვუდგებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას თუ არა. ასე რომ ჩვენ ყველამ, უნდა მოვიფიქროთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სისუსტეებმა ევროპაში ომამდე არ მიგვიყვანოს.
კითხვა, რომელსაც სვამთ სამართლიანია და ეს [საკითხი] სამართლიანი გამოწვევაა, როგორც ამერიკის, ისე ნატოს წევრი სხვა ქვეყნებისთვის და საქართველოსა და უკრაინისთვის.
ვფიქრობ, მიხედავად იმისა, როგორ დამთავრდება უკრაინის ომი, ნათელია, რომ რუსეთი უკრაინას ვერ დაიპყრობს. ნათელი არაა, შეძლებს თუ არა უკრაინა თავისი ტერიტორიის სრულად გათავისუფლებას. ეს უბრალოდ, არ ვიცით. თუმცა, ვიცით, რომ უკრაინა ბრძოლას განაგრძობს.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ომის შემდგომი უსაფრთხოების ღონისძიებები უკრაინისთვის, რათა პუტინმა ვერ შეძლოს, უბრალოდ ჯარების გადაჯგუფება და ომის განახლება.
საქართველომ კი უნდა გადაწყვიტოს ნამდვილად სურს თუ არა დასავლური მომავალი და შესაბამისად იმოქმედოს.
საქართველოს მსგავსად, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დასავლეთმაც და მოიფიქროს, როგორ დაეხმაროს საქართველოს და შეაჩეროს რუსეთი ომის ხელახლა დაწყებისგან.
კითხვაზე, რა შეიცვალა ბოლო 14 წლის განმავლობაში და როგორ ხედავს ნატოს და საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, დენ ფრიდი პასუხობს:
“ვფიქრობ, რომ ქართველებს ყველანაირი უფლება აქვთ გაწბილებულები იყვნენ იმის გამო, რომ 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილებას გაზომვადი პროგრესი არ მოუტანია.
ნატოსაც აქვს ყველანაირი უფლება, რომ გაწბილებული იყოს, რადგან, როგორც ჩანს, საქართველო წრეზე დადის ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ გეგმებთან დაკავშირებით.
ყველას გვაქვს გამოწვევები და ყველანი უნდა ვიყოთ მზად გადაწყვეტილებების მისაღებად მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ეს ფაზა დასრულდება.
ჩვენ არ გვინდა და ეს არც სტაბილური იქნება, თუ საქართველოს იზოლირებულ, გამოყოფილ რუხ ზონაში დავტოვებთ, რომელზე თავდასხმასაც პუტინი თავიდან ეცდება. ეს იქნება თითქოს პუტინის დამამშვიდებელი პრიზი უკრაინაში დამარცხებისთვის.
თუმცა, საქართველოს მთავრობა, ამ ეტაპზე არ ჩანს დარწმუნებული იმასთან დაკავშირებით, თუ საით სურს მას წასვლა. ნატო საქართველოს არ ჩაკიდებს ხელს და არ აიძულებს, რომ მოუნდეს ნატოში გაწევრიანება. ეს საქართველოს უნდა უნდოდეს. რა თქმა უნდა, ქართველებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათ მცდელობას ნატოს მხრიდან გაგებითა და მხარდაჭერით შეხვდებიან. ყველას გვაქვს საქმე გასაკეთებელი.
შეკითხვა: ნატოს გენერალურმა მდივანმა, ბუქარესტის სმაიტზე განაცხადა, რომ თუ უკრაინის ომმა რამე ასწავლა დასავლეთს ისაა, რომ ნატო ახლავე უნდა დაეხმაროს საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია–ჰერცოგოვინას. რა შეიძლება რომ ეს დახმარება იყოს და რა უნდა გააკეთონ ამ ქვეყნებმა, უფრო კონკრეტულად კი საქართველომ, რომ დახმარება მიიღონ და ომის შემდეგ არ დარჩნენ რუხ ზონაში, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ?
როგორც უკვე გითხარით, საქართველოს მთავრობა შერეულ სიგნალებს აგზავნის იმასთან დაკავშირებით, რამდენადაა დემოკრატიის და ევროპული გზის ერთგული. ასევე შერეულ სიგნალებს ვიღებთ იმაზეც, თუ როგორია მათი ხედვები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.
ქვეყანას შეუძლია, რომ სცადოს დაადგეს ევროპული და დასავლური ინსტიტუციების გზას, ასევე შეუძლია, რომ სცადოს და ერთდროულად ორივე ბანაკში იყოს, თუმცა ამის კეთება ძალიან რთულია. ასე რომ შეკითხვა, რომელიც ახლა საქართველოს მთავრობას დაესმის ისაა, თუ რა სურს მას სინამდვილეში? რისი ერთგულია? შეკითხვა დასავლეთსაც უნდა დავუსვათ: რისი გაკეთება შუძლია მას საქართველოს დასახმარებლად?
შეკითხვა: ცოტა ხნის წინ, სენატში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა ჩატარდა. ამერიკელი კანონმდებლები საკმაოდ მკაცრები იყვნენ თავიანთ შეფასებებში საქართველოსადმი. მოვისმინეთ ისეთი ფრაზებიც, როგორიცაა დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა, თუ უზარმაზარი უკუსვლა. რას ნიშნავს კაპიტოლიუმიდან გაკეთებული ასეთი განცხადებები საქართველო–ამერიკის ურთიერთობებისთვის?
ვფიქრობ პასუხი იცით. ის, რასაც მთელი ამ ინტერვიუს განმავლობაში ვამბობდი, მხოლოდ ჩემი მოსაზრებები არაა, ესაა ზოგადი წარმოდგენა, რომელიც იმ ამერიკელებს და ევროპელებს აქვთ, ვინც საქართველოს ამბებს ეცნობიან და ვისაც საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ.
საქართველომ ვერ შეასრულა თავისივე დასახული მიზნები. ქართველებს შეუძლიათ, რომ ჩვენს [დასავლეთის] მიმართ კრიტიკულები იყვნენ, მე მესმის ეს და მათ შესაძლოა მიზეზიც აქვთ ამის. მაგრამ 90-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში ვისწავლეთ, რომ ქვეყნებს, რომლებიც თავისი პოლიტიკური კაპიტალით აკეთებენ ინვესტიციას დემოკრატიის შენებაში, თავისუფალ ვაჭრობაში, რეფორმებში და კანონის უზენაესობაში, ამ კაპიტალს ზრდიან და შემდეგ ნატოს წევრობაში აკეთებენ ინვესტიციას. ესაა ის, რაც პოლონეთმა გააკეთა 90-იანებში, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ გააკეთეს 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში.
ესაა ის, რისი გაკეთებაც საქართველომ დაიწყო 2000-იანებში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ. მან პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც რეფორმებიდან მოდიოდა გამოიყენა, რომ ნატოს წევრობისთვის ემუშავა და ასე მიიღო კიდეც სიმპათიები ამერიკისა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მთავრობისგან.
ვფიქრობ, არც ერთ ქართველს არ სჭირდება არც ერთი ამერიკელი იმის სათქმელად, რომ ეს მოძრაობა შეფერხებულია, უფრო გართულებული და ნაკლებ კონკრეტული. ვფიქრობ, რომ თქვენ იცით პასუხი და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველმა ზუსტად იცის რაზე ვსაუბრობ და მათ ჩემზე მეტი იციან საქართველოდან მომავალ შერეულ სიგნალებზე.
წყარო: ამერიკის ხმა