ქართველი ხალხის, მთავრობის და ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – გახარია აშშ-ს

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აშშ–ს დამოუკიდებლობის 244–ე წლისთავს ულოცავს.

“ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს; ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს”,– ამბობს გახარია.

პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ–ს კი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

გახარია აზრით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა, მთავრობა კი ყველაფერს გააკეთებს ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად.

„ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ საკვანძო სფეროებში და უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები დღითიდღე ძლიერდება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო დიდ პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოიზიდოს მეტი ამერიკული ინვესტიცია და კომპანია საქართველოში. უხილავ მტერთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოში გვაქვს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასთან, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის აღორძინებასთან. ამიტომაც ვიცით, რომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საფრთხეებთან გამკლავება“, – თქვა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის აშშ-ის ახალ ელჩ კელი დეგნანს და საელჩოს მთელს გუნდს.

„წელს საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი გვყავს. მადლობას ვუხდი გაწეული ძალისხმევისთვის ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ამერიკის საელჩოს მთელს გუნდს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთის სანდო და საიმედო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენს ერებს შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აცხადებს გიორგი გახარია.