ქართველ ხალხს რუსული ჯარის გასვლა უფრო უნდა, ვიდრე უვიზო რეჟიმი – აშშ

”ქართველ ხალხს რუსული ჯარის გასვლა უფრო უნდა, ვიდრე უვიზო რეჟიმი”- ამერიკის ხმა (VOA) საქართველოს რუსეთთან უვიზო რეჟიმის აღდგენასა და პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარს ავრცელებს.

“ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ, ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან”. – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

განცხადებაში, ასევე საუბარია, იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც სავიზო რეჟიმის გაუქმებას შეიძლება მოჰყვეს.

“ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება”. – ვკითხულობთ განცხადებაში.