ქართული ოცნება და ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთანხმდა

ქართული ოცნება და საპარლამენტო ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთანხმდნენ.

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ 19 აპრილის მიშელის დოკუმენტთან შესაბამისობაში ოპოზიციის კანონპროექტია.

მან მხარეების კანონპროექტების განსხვავებებზეც ისაუბრა.

„ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. მათი ვერსიით ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლითაც დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება საქმე შემდგომში აღიძრას.

ჩვენი პროექტის შემთხვევაში საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. ქართული ოცნების ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის. აქაც განსხვავებები გვაქვს. ჩვენი პროექტით, ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს, საჭირო არ არის. ქართული ოცნების შემთხვევაში, ასეთი თანხმობა საჭიროა და პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

სალომე სამადაშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემა უკავშირდება კანონპროექტში პუნქტს დაზარალებულის თანხმობის შესახებ.