ქართული ოცნება ”უცხო აგენტებზე” კანონპროექტს მხარს დაუჭერს

ქართული ოცნება ხალხის ძალის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”  მხარს დაუჭერს.  ამის შესახებ შესაბამის განცხადებას პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ავრცელებს.

“ფრაქცია ქართული ოცნების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა. თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ათასგვარი სპეკულაციები მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება და შემიძლია პასუხსიმგებლობით თქვა, რომ თუკი ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება”. – თქვა მან.

მისივე თქმით, კანონპროექტი არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, რადგან “არც ერთი შეზღუდვა ხალხის ძალას არ ჩაუწერია კანონპროექტში”.

“რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა და თუკი ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც ხალხის ძალამ წარმოადგინა, ამას უბრალოდ ერთი მიზეზით ვერ შეძლებს – არც ერთი შეზღუდვა ხალხის ძალას არ ჩაუწერია კანონპროექტში. რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, აშშ-ში სხვაგვარი შეზღუდვებია, იქ არის ძალიან მკაცრი ნორმები, ორივე შემთხვევაში საერთო შეიძლება იყოს ის, რომ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უბრალოდ იჭერენ ადამიანებს და ასე შემდეგ, აღარ ვამბობ აუდიტის შესვლის უფლებაზე, ასევე აშშ-ში მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტია, რომ გენერალურ პროკურორს შეუძლია დეკლარაციების წარმოდგენის ვადები შეამციროს, ან გაზარდოს, ან გაათავისუფლოს… მსგავსი და არათუ მსგავსი შეზღუდვა, როგორც ასეთი ხალხის ძალის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში არ არსებობს”. – ამბობს მდინარაძე.

ცოტა ხნის წინ  სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ აღნიშნული  კანონპროექტი რუსული კანონის მსგავსია.