ქართული ოცნება ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს.

“სხვადასხვა გარემოების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენმა პარტიამ შეძლო 64 მერობის კანდიდატიდან მხოლოდ 3 ქალი კანდიდატის წარდგენა, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები, არსებითად, მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ. ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ.

ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში”.- თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში.

“უახლოეს მომავალში გაიმართება ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. მოგვიანებით, გაიმართება ქალთა ორგანიზაციის 11 საქალაქო და რეგიონული კონფერენცია, რომელიც აირჩევს საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ბიუროებს”. – აღნიშნავს კობახიძე.