პოპულარულ ქართულ ვებგვერდებს მეკობრეობის გამო ფეისბუქზე ანგარიშები გაუუქმეს

ფეისბუქზე და ინსტაგრამზე ქართული ე.წ. მეკობრული ვებგვერდების გვერდები წაიშალა, რომლებიც საკუთარ პლატფორმაზე ფილმებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ათავსებენ. ქართული  ვებგვერდების – adjaranet.com, qartulad.com, imovies.cc, croconet.com,  srulad.com, geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge –ის გვერდები სოციალურ ქსელში გასაჩივრების უფლების გარეშე წაიშალა.

საქართველოში ამ გვერდებს ასეულობით ათასი მომხმარებელი ყავს, სოციალურ ქსელებში კი ასევე ასეულობით ათასი ხელმომწერი ჰყავდათ.

ქართულ ორგანიზაციაში “ანტიმეკობრული ცენტრი” აცხადებენ, რომ ქართული მეკობრული გვერდების წაშლის მოთხოვნით ფეისბუქს ჰოლივუდის კინოსტუდიების გაერთიანებამ – MPA-მ მიმართა, რომელიც ამ გზით საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას ცდილობს.  გაერთიანებაში ჰოლივუდის მსხვილი კინოსტუდიები შედიან, როგორიცაა Disney, Paramount, Warner Bros, Universal, SONY და Netflix.

ანტიმეკობრული ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესი საქართველოში კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და შესაძლოა ქართული მეკობრული ვებგვერდები ახლო მომავალში Google-ის საძიებო სისტემაშიც შეიზღუდოს.

საავტორო უფლებების დაცვა ქართულ მედიასივრცეში მკაცრად რეგულირდება, თუმცა გამონაკლისია ინტერნეტი, სადაც ქართული ვებგვერდების დიდი ნაწილი კონტენტს ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე, მეკობრული გზით ათავსებს.

2019 წელს ამერიკული კინოსტუდიების გაერთიანება  ინტერნეტმეკობრეობის გამო საქართველოს სანქციებით დაემუქრა.