ქვეყნებმა, რომლებთანაც ტურიზმზე მოლაპარაკებები გვქონდა, გვითხრეს, რომ დაველოდოთ – გახარია

პრემიერ-მინისტრი გახარია ამბობს, რომ იმ ქვეყნებში, რომელთანაც საქართველოს ტურიზმზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებული ჰქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც დალოდება სთხოვეს.

“მთავრობა ამავდრულად აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თვითონ ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დავლოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება”,- აცხადებს გახარია.

მისივე თქმით, თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკის აღდგენისთვის გადადგამს, ფრთხილი უნდა იყოს.

“ეს ტურბულენტობა, დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან. მოგეხსენებათ, რომ ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში“, – თქვა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ტურიზმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდა ბალტიის ქვეყნებთან, ისრაელთან, ჩეხეთთან და სხვა რამდენიმე ქვეყანასთან.