ქობულია: ჯგუფების მიმართ, ვინც ეწევა გუშინდელი ტიპის პროვოკაციას, ვითხოვ მკაცრ ხელს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია “სამოქალაქო ჯგუფების მიმართ, ვინც ეწევა გუშინდელი ტიპის პროვოკაციებს” მთავრობისგან “მკაცრ ხელს” ითხოვს.

ის ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტს, ვლადიმირ პოზნერს საქართველო უყვარს, მისთვის აქციის გამართვამ კი ტურიზმის რეპუტაცია დააზიანა.

“გავიაზროთ ყველამ, რას მივაღწიეთ ჩვენ იმ სამარცხვინო საქციელით, რომელიც მოხდა გუშინ ამ ხალხთან დაკავშირებით. მივიღეთ უზარმაზარი დარტყმა ჩვენი ტურიზმის რეპუტაციაზე. ჩვენთან იყო ჩამოსული ადამიანი, შეიძლება მოგვწონდეს ის ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ამის გამო ჩამოსულ ადამიანს ქვა არ უნდა ვესროლოთ. როგორ შეიძლება შეადაროთ გავრილოვის საკითხი, როდესაც ჩამოდის ჩვენთან სტუმარი, რომელსაც უყვარს საქართველო, ჩამოყავს სტუმრები, იხდის აქ დაბადების დღეს და ჩვენ მას ვადგებით კარზე და ქვებს ვესვრით”,– ამბობს ქობულია ფორმულას ეთერში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ “მას საქართველო უყვარს აფხაზეთის გარეშე”, ქობულია ასე პასუხობს: “შესაძლებელია მას აქვს აზრი, რომელსაც არ ვეთანხმებით. მეც ბევრი აზრი მაქვს სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ სადაც ჩავდივარ, არ მესვრიან ქვებს. მე ხომ არ ვარ ოფიციალური დელეგაციით, ჩავდივარ ტურისტად”.