ღალატს ბოდიში არ შველის, სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე – კობახიძე

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე ამბობს, რომ მან “ღალატი ჩაიდინა”, ღალატს კი ბოდიში ვერ შველის. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი “ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის” უმკაცრეს პასუხს მიიღებს ამ არჩევნებზე.

„როდესაც 8 წლის თავზე, არჩევნების წინ გახსენდება შენ უმძიმესი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინე და ამისთვის იხდი ბოდიშს, ამას ვერავის ვერ „აჭმევ“ და საზოგადოება არათუ გაგებით არ მოეკიდება ასეთ რამეს, არამედ სათანადო მკაცრ პასუხს გასცემს ამ ბოდიშსაც, რომელიც „მოიხადა“ მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლის წინაშე.

ბოდიში არ შველის ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და შემდეგ ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერით ოკუპაციის გაფორმება. მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს საქართველოს ყოფილა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამომრჩეველს დაპირდა, რომ საქართველოში დაბრუნდება. ასევე, მათ ბოდიში მოუხადა.