ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ ბიუჯეტიდან 120 მლნ-ს შესყიდვები მიიღო – ფლანგვის დეტექტორი

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, შპს სერპანტინის მესაკუთრე ირაკლი ღარიბაშილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედა, თამარ ჯანყარაშვილია, რომელიც ამავდროულად ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათესავია.

მათი ცნობით, კომპანიას 2020-2021 წლებში ბიუჯეტიდან 120 მილიონი ლარის შესყიდვები გაუფორმეს,165 ტენდერიდან კომპანიამ 74 უკონკურენტოდ მოიგო, 16 კი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

“შპს სერპანტინი 2000 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელსაც თავდაპირველად სამი მესაკუთრე ჰყავდა: ვახტანგ ჩიკვაიძე, ნიკოლოზ კობეშავიძე და ვლადიმერ ჩიკვაიძე. წლების განმავლობაში, კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იცვლებოდნენ მესაკუთრეებიც.

საჯარო რეესტრის 2010 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრეებს შორის ჩნდება თამარ ჯანყარაშვილი, რომელიც დღემდე მესაკუთრეთა რიგებში რჩება. საჯარო რეესტრის ბოლო, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, შპს სერპანტინის წილები ორ მესაკუთრეს შორის ნაწილდება, 69%-იანი წილის მესაკუთრე თამარ ჯანყარაშვილია, ხოლო 31% ნუგზარ ხუცაიძეს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ამჟამად ზურაბ ფეიქრიშვილი იკავებს”,– აცხადებს ორგანიზაცია.

მათი თქმით, შპს სერპანტინის ერთ-ერთი მეწილე თამარ ჯანყარაშვილი ქართულ ოცნებასთან და ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული პირია. ერთი მხრივ, ის ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედაა, ხოლო, მეორე მხრივ, ის ამავდროულად ირაკლის ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის მამიდაც არის. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის 31%-იანი წილის მესაკუთრე, ნუგზარ ხუცაიძე მმართველი პარტიის შემომწირველია, მან 2016 წელს ქართულ ოცნებას 50 000 ლარი შეწირა.