ღარიბაშვილის ჩინელი პარტნიორების ფოთთან კავშირის გამო ანაკლიის პორტს აშენება არ უწერია – ბუაძე

პარტია ლელოს წევრი საბა ბუაძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძიებას იწყებს.

ბუაძის თქმით, ღარიბაშვილს ჩინელი პარტნიორები ჰყავს, ვისაც ფოთის პორტში მსხვილი ფინანსური ინტერესები აქვს, რის გამოც ანაკლიის პორტი მისი პრემიერობის პერიოდში არ აშენდება.

“პოლიტიკაში ხელმეორედ დაბრუნებამდე ღარიბაშვილი მუშაობდა ჩინური კომპანიის (CEFC Energy Company Limited) სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ამ კომპანიას ფოთში აქვს მსხვილი ფინანსური ინტერესები – ისინი ფლობენ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. ეს კომპანია არაერთ საერთაშორისო კორუფციულ სკანდალში გაეხვა – კერძოდ, თანამდებობის პირების მოქრთამვის გამო (საერთაშორისო გამჭვირვალობა-ს ანგარიშის მიხედვით).

მაიკ პომპეო მის ცნობილ გამოსვლაში სწორედ ანაკლიის პორტის მიმართ არაჯანსაღი ჩინური ინტერესების პრევენციაზე საუბრობდა. ირაკლი ღარიბაშვილი პირველად ზუსტად მისი გარემოცვის კორუფციული საქმიანობის გამო გადადგა. დასკვნა: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის პირობებში ანაკლიის პორტს აშენება არ უწერია, მნიშვნელოვანწილად მისი ჩინელი პარტნიორების ფოთთან კავშირის გამოც”,- წერს საბა ბუაძე Facebook-ზე.