ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს EU-ს კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა.

“სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, – უთხრა ღარიბაშვილმა ჰარცელს.

ელჩმასაქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში.

მთავრობის ცნობით, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს, მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული.

კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.