ღრმა თანადგომას გიცხადებთ – მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს შატლის ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პატრიარქ ილია მეორეს სამძიმრის წერილს უგზავნის და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოსი და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტესმიერ ფრიად საყვარელო და სანატრელო ძმაო და ჩვენთა, მდაბალთა ამათთა თანამწირველო, თქვენს ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედს და მოვახსენებთ: დიდად დავმწუხრდით, როდესაც მედიის საშუალებით შევიტყვეთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომხდარი საბედისწერო უბედური შემთხვევის შესახებ, რომელსაც ჩვიდმეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, სხვანი კი დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლოცვითა მოვაპყრობთ სულიერთა თვალთა ჩვენთა თქვენდამი, პატივცემულისა და ფრიად საყვარელისა და სიბრძნით აღვსილისა მიმართ, უნეტარესო, და სრულიად მორწმუნე კრებულისა მიმართ საქართველოს მოძმე ეკლესიისა, ღრმა თანაგრძნობას გიცხადებთ მსოფლიო საპატრიარქოსა და პირადად ჩემი მდაბლისა სახელით და ვევედრებით უფალს, უსამართლო სიკვდილით აღსრულებულ ჩვენთა უმანკოთა მოყვასთა სულებს განუსვენოს, მათი ოჯახის წევრების გულებს ნუგეშის სალბუნი მოუფონოს და ზეგარდამო ნუგეში მიჰმადლოს სრულიად საქართველოს მწუხარე, მამაც და ტანჯულ ერს, სიყვარულისა და ერთსულოვნების მტკიცე და შეურყეველი ჯაჭვით რომ შეკავშირებია კონსტანტინეპოლის წმინდა ეკლესიას.

მიმგებელნი, თქვენო უწმინდესობავ, ძმური ამბორისა, ვრჩებით უფლისა მიერ ფრიად მოყვარულნი და პატივისმცემელნი თქვენნი.

თქვენი ღირსებისა და უნეტარესობის ქრისტესმიერ საყვარელი ძმა ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი” – ნათქვამია წერილში.