მესმის, რომ ღრმა ნეხვში ვართ და გამოსავლის გზა ჯერჯერობით არ ჩანს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, სტრატეგიულად, იმედი გადამეწურა. ამ ქვეყანამ თავისი ისტორიის დიდი ნაწილი კიდევ უფრო ღრმა ნეხვის ორმოებში გაატარა, მაგრამ ამოვსულვართ.

ამოსვლის შანსი საბოლოოდ დამოკიდებულია მორალურ ფაქტორზე. ხელისუფლება პირველ რიგში მორალურად უნდა დამარცხდეს. კარგად ვიცი, რომ პოლიტიკა ანგარიშის და კომრომისების გარეშე არ არსებობს; თუმცა არასოდეს ვფიქრობდი, რომ ივანიშვილთან თანამშრომლობით რაიმე კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა, ისიც მესმოდა, სხვებს რატომ ჰქონდა ამის იმედი. დღეს ვითარება შეიცვალა. ვინც ამ ხელისუფლებაში დარჩა, სხვა მიზანი არა აქვს, გარდა ბიძინა ივანიშვილის ახირებების მსახურებისა და ეს კარგად იცის. ამიტომ დღეს „ოცნების“ პოზიციების დაცვა სირცხვილია (ვიცი, ამ სახელის მქონე ორგანიზაცია უკვე არსებობს, ორიგინალობის პრეტენზია არ მაქვს). ასეთმა ადამიანებმა სოციალური დისკომფორტი უნდა იგრძნონ. ქუჩიდან „მონებო“ „მონებოს“ ძახილი და საჯარო „სირცხვილის კორიდორები“ საკმარისი არ არის (ალბათ, ესენიც საჭიროა – საკმარისი არ არის-მეთქი, მხოლოდ იმას ვამბობ). ამ ადამიანებმა ჩვეულებრივ, არასაჯარო გარემოშიც უნდა იგრძნონ, რომ შარში არიან – ნათესავებისგან, კლასელებისგან, მეზობლებისგან. წესიერ საზოგადოებაში თუნდაც პრაგმატიზმით გამართლებული „ქოცობა“ უნდა „ტეხავდეს“. ყვირილი და კვერცხების სროლა არ არის აუცილებელი – პოზიციის მშვიდად გამოხატვაა საჭირო.

ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩვენებელი ჟესტები, როგორიცაა, ვთქვათ, პარლამენტის ბოიკოტი, რომელსაც არც ახლა ვეთანხმები. პოლიტიკა მართლაც „ბინძური საქმეა“ იმ აზრით, რომ ვალდებული ხარ, ნებისმიერ ნაძირალას ეურთიერთო, თუ საქმე მოითხოვს (ის კი ამას ყოველთვის მოითხოვს). საკუთარი ბაბლის ფსიქოლოგიურ კომფორტში ჩაკეტვით პოლიტიკას ვერ გააკეთებ. მაგრამ ეს არ უშლის ხელს მორალურად მკაფიო პოზიციის დაკავებას. ქვეყნის მომავალი საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რაც მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკიდან შორს მყოფი, გააკეთებს ამას.

გია ნოდია. პოლიტოლოგი