ყანდიაშვილი თავისი გვერდების წაშლას ,,პოლიტიკურად ანგაჟირებულ” ორგანიზაციებს უკავშირებს

კოკა ყანდიაშვილი Facebookის მიერ მის მიერ მართული ასობით გვერდისა და ანაგარიშის წაშლას ადგილობრივ, ,,პოლიტიკურად ანგაჟირებულ” ორგანიზაციებს უკავშირებს. მისი თქმით, ორგანიზაციებმა ,,Facebook”-ს კვლევის მასალები მიაწოდეს, სადაც კვლევის სამიზნე ის და მისი სააგენტო ეSპერსონა იყო.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს “კვლევის” მასალები ფეისბუქს, თავად “კვლევის” სამიზნედ პირადად მე და “ეS პერსონა” ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო”, – წერს ყანდიაშვილი გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, ახლო მომავალში თავის გუნდთან ერთად საზოგადოებას “უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს” შესთავაზებენ.

“ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ Facebook-თან, Google-თან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს Fake News-ებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა”, – აცხადებს ყანდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.