ყარაჯალარის დაკეტვა გახმაურებული საქმეების გადაფარვის იაფფასიანი მცდელობაა – ჯაფარიძე

პარტია “გირჩის” ერთ–ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გარდაბნის რაიონის სოფელი ყარაჯალარის დაკეტვა “გაქცეული კრიმინალური სიტუაციის და გახმაურებული საქმეების გადაფარვის იაფფასიანი მცდელობაა”.

როგორც ჯაფარიძე “ფეისბუქზე” წერს, მთავრობა ყარაჯალას იმიტომ “მიადგა”, რომ “ყველა მთავრობის წარმოდგენით, ‘აზერბაიჯანელები მორჩილი ხალხია და არ იხმაურებენ ბევრს’.

მისივე თქმით, ინფიცირებულები როგორც ყარაჯალაში, ისე თბილისშიც არიან, ამიტომ გაუგებარია, რატომ კეტავს მთავრობა ყოველთვის აზერბაიჯანელებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს.

“რა ხდებოდა მარნეულსა და ბოლნისში ისეთი რაც არ ხდებოდა თბილისში? რაც არ ხდებოდა საბურთალოზე? რა ხდება დღეს ყარაჯალარში ისეთი, რაც არ ხდება თბილისში? რაც არ ხდება საბურთალოზე?

მარტო იქ არის ვირუსი? სხვაგან არსად? რატომ არ დაიკეტა თბილისი? ან თბილისის რომელიმე უბანი/უბნები? თბილისში არ გვყავს ინფიცირებულები?”,– წერს ჯაფარიძე.

გირჩის ლიდერი აღნიშნავს, რომ დღეს სცადა გაერკვია, ლაბორატორიულად დადასტურებული რამდენი ინფიცირებულია თბილისში, თუმცა ვერ შეძლო.

“მთავრობის ცხელ ხაზზე მითხრეს – ჩვენ არ გვაქვს ეგ ინფორმაციაო. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე არ პასუხობენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მითხრეს ნახევარ საათში დაგირეკავთ და გეტყვითო. ნახევარ საათში დამირეკეს და ოფიციალური წერილით მოგვმართეთ და 10 დღეში გიპასუხებთო. 10 დღეში მოგწერთ თბილისში რამდენია ინფიცირებულიო.

ალბათ ყარაჯალარშია ის ხალხი ვინც თვლა იცის”,– წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დღეს ჩაიკეტა. სოფელში კორონავირუსის 26 შემთხვევაა დადასტურებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჩაკეტვის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ამიტომ ტესტირებაზე უარს ამბობდნენ. მისი თქმით, მოსახლეობა COVID-19–ს გრიპს ან სურდოს ადარებს.