ყველაზე უინტერესო პარტიის დაფუძნება – პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე

“ალბათ არ შევცდები, თუ დღევანდელ პრეზენტაციას შევაფასებ, როგორც ყველაზე უინტერესო პარტიის დაფუძნებას, სამწუხაროდ”,– ასე ეხმიანება ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციას.

მისი თქმით, 18 თებერვალი, როდესაც გიორგი გახარია გადადგა, მისთვის იყო განხიბლვა, გუშინდელი დღე კი იმედგაცრუება.

“ვნახეთ აბსოლუტურად უშინაარსო, ცარიელი სიტყვები. ქართული ოცნების მიმართ ვნახეთ შეფასებები, რომელთა მოსმენაც სამწუხაროა ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაშიქართული ოცნების ეგიდით იყო სხვადასხვა თანამდებობაზე. როდესაც საუბრობს, რომ ქართულმა ოცნებამ პარტიული ინტერესები დააყენა საქართველოზე მაღლა. ის, სავარაუდოდ, გულისხმობდა ნიკა მელიას დაკავების საკითხს და ასეთი შეფასება განსაკუთრებით იმედგამაცრუებელია.

90 მოწმე ჰყავს უმრავლესობის მხრიდან, რომელსაც ის პირადად არწმუნებდა, რომ იმუნიტეტი უნდა მოგვეხსნა ნიკა მელიასთვის. ახლა საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა ნიკა მელიას დაპატიმრება იყო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, ადამიანი, რომელიც ჩვენ ყველას გვარწმუნებდა, რომ უნდა მოგვეხსნა მისთვის იმუნიტეტი, ეს, უბრალოდ, ცინიზმია. მე ვფიქრობ, რომ მინიმალური მხარდაჭერა ექნება”,– აცხადებს პაპუაშვილი.

გუშინ ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ საკუთარი პარტიის, “საქართველოსთვის” პრეზენტაცია გამართა.