ჩემი ცხოვრების გაკვეთილები.

მთავრობის შესახებ ვისწავლე, რომ:

– როდესაც მიუღებელ საქციელს ვეწინააღმდეგებით დიქტატორულ სახელმწიფოში, ეს ჩვენს ფიზიკურ განადგურებას იწვევს, ხოლო როდესაც იმავეს ვაკეთებთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სოციალურად აღარ ვარსებობთ!

– ყველაზე ცუდი დიქტატორული სახელმწიფო არის ის, რომელიც დემოკრატიის
მანტიას ირგებს.

– თუ ჩვენ დაგვადანაშაულებს კორუმპირებული და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, ეს ჩვენს გულ-მკერდზე ღირსების ორდენი იქნება.

– თუ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ან ღირსების მედლით დაგვაჯილდოვებენ, ან ციხეში გვიკრავენ თავს.

– სასჯელი ჩადენილი დანაშაულის პროპორციული უნდა იყოს და თუ ასე არ არის, ეს იმაზე უარესია, ვიდრე თავად დანაშაული.

– დიქტატორულ სახელმწიფოში ქვეყნის ბედს განსაზღვრავს ერთი ტირანი, ხოლო დემოკრატიულ სახელმწფოში – იდიოტების უმრავლესობა.

– ჩვენი ქვეყანა იმიტომ კი არ უნდა გვიყვარდეს, რომ იქ დავიბადეთ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სიყვარულის ღირსია.

– იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან საკვების მოპოვებისა და სხვა ძირითადი საჭიროების დასაკმაყოფილებლად და პოლიტიკური კლასის მიერ უგულებელყოფილი არიან, მაგრამ მაინც ადიდებენ და სიამაყით საუბრობენ საკუთარ ქვეყანაზე, პატრიოტები კი არა, შიზოფრენიკები ჰქვიათ.

– როდესაც ჩვენს ხელთაა ძალაუფლება, ჩვენი რეალური სიძლიერე იმაში
მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა გავუძლოთ მისი გამოყენების ცდუნებას.

– დემოკრატია მართლმსაჯულების გარეშე სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურა.

– კორუმპირებულ ან მართულ სასამართლოებში სარჩელის შეტანა იმას ნიშნავს, რომ თავად ახდენ ასეთი სასამართლოს სისტემის ლეგიტიმიზაციას.

– ზოგჯერ მართლმსაჯულება მაშინ არის დაცული, როდესაც იგი საერთოდ არ არის დაცული.

– ნაციონალისტური მთავრობა, რომელსაც სჯერა, რომ მისი ქვეყანა დიადი და
უპირატესია, თავისითავად მიკერძოებულია და მხოლოდდამხოლოდ საკუთარ სამართალს და ღირებულებებს იზიარებს.

– ჩვენი სამყარო გაცილებით უკეთესი გახდება მას შემდეგ, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები საერთო ღირებულებებს დაემყარება და არა – ეკონომიკურ ინტერესებს.

– თუ ჩვენ გვსურს, გავხდეთ პოპულარული პოლიტიკოსები, უნდა მოვიგოთ
ადამიანების გულები და არა გონება, ვინაიდან გული ყველას გააჩნია, ხოლო გონება – ძალიან ცოტას.

– ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ მათ, ვისაც რაღაც ესმის, არ გააჩნია პოლიტიკური ძალაუფლება, ხოლო ვისაც პოლიტიკური ძალაუფლება უპყრია ხელთ, – არაფერი არ ესმის.

– ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად: ძალიან მცირე რაოდენობა ცვლილებებს
ახორციელებს და ყველა დანარჩენი, ამ ცვლილებების თაობაზე საკუთარ აზრს გამოხატავს”

წერს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი.