“ყველამ ვიცით, როგორი პატრიოტია თორნიკე” – ეროვნული ნაკრები შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს

მოსკოვის ცსკაში გადასვლის შემდეგ თორნიკე შენგელიას საქართველოს ეროვნული ნაკრები მხარდაჭერას უცხადებს. მათი თქმით, თორნიკე ქვეყნის პატრიოტია, ცსკა–ში მისი ტრანფერი კი დიდი წარმატებაა.

ნაკრების ერთ–ერთი ლიდერი, ვიქტორ სანიკიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ნეგატიური კომენტარებისგან თავი შეიკავონ.

“მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ნეგატიურ კომენტარებზე, რაც შეეხებოდა თორნიკეს ვითომდა არაპატრიოტულ ნაბიჯს, რაც, ვინც თორნიკეს იცნობთ, დამეთანხმებით, ძალიან შორს არის რეალობისგან. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რაოდენ პატრიოტი არის თორნიკე თავისი ქვეყნის, თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად შეუძლებელსაც აკეთებდა და ასე იქნება ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება, რომელი ქვეყნის გუნდში იქნება.

მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავი შევიკავოთ ისეთი კომენტარებისგან, რომელიც არის არაკორექტული, რადგან თორნიკეს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ მრავალ წარმატებას მოუტანს თავის ქვეყანას. სადაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის თავისი ქვეყნის პატრიოტად დარჩება და ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ”, – თქვა ვიქტორ სანიკიძემ გავრცელებულ ვიდეოში.

მანუჩარ მარკოიშვილის თქმით, თორნიკე ქართველი ერის და ნაკრების ღირსებას დაიცავს.

“მინდა, რომ წარმატება ვუსურვოთ ახალგადადგმულ ნაბიჯში, ახალ გამოწვევებზე, რაც ცსკა-ში გადასვლასთან არის დაკავშირებული. დარწმუნებლი ვარ, რომ თოკო ძალიან წარმატებული იქნება და კიდევ უფრო ბევრჯერ გაახარებს ქართველი გულშემატკივრის გულს საქართველს ნაკრებში და როგორც აქამდე იცავდა, ისევე ღირსეულად დაიცავს ქართველი ერის, ქართული ნაკრების ღირსებას და ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდით და ჩვენ ვიქნებით მის გვერდით”,– აცხადებს მარკოიშვილი.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკაში გასავლის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოფიციალურად დადასტურდა. შენგელიას თქმით, რუსეთის არმიის კლუბში გადასვლით ბედნიერია.

მისივე განცხადებით, თავი სამართლებელი არავის აქვს, რადგან რუსეთში კალათბურთის სათამაშოდ მიდის.