ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად – ლიეტუვის პრეზიდენტი ხურვალეთში

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ხურვალეთში საოკუპაციო საზს ეწვია. მისი თქმით, ადგილზე ადამიანები მრავალ შესაძლებლობას არიან მოკლებულები.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ლიეტუვა არ აპირებს, აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, თუ როგორ ცხოვრობენ აქ ადამიანები, როგორია მათი პირობები. სამწუხაროდ, მე ვხედავ დანგრეულ ცხოვრებას, რომელიც ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ მიღებული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, საქართველოს, ტერიტორიების ოკუპაციას გულისხმობს. მე ვხედავ, რომ ადამიანები აქ უამრავ შესაძლებლობას არიან მოკლებულნი. ზოგიერთ მათგანს არ აქვს პენსიის მიღების, სკოლაში წასვლის შესაძლებლობა, არ მიეწოდება წყალი”,– თქვა ნაუსედამ საოკუპაციო ხაზთან.

მისივე თქმით, ადგილობრივები საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე ოცნებობენ, რისთვისაც ყველა საერთაშორისო ღონისძიებაზე ისაუბრებენ.

“კითხვა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას დავუსვი იყო – “რაზე ოცნებობთ?” და იცით რა პასუხი მივიღე? ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე ოცნებობენ. ეს არის მიზეზი, რატომაც უნდა იბრძოლოთ, რათა ამ ადამიანებს დაუბრუნოთ შესაძლებლობა, რომ ასრულდეს მათი ოცნება და დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ამისათვის, ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავიღოთ და ეს საკითხი ყველა საერთაშორისო კონფერენციასა თუ მოვლენაზე უნდა წამოვჭრათ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ პრობლემა გადაჭრილი ჯერ კიდევ არ არის, რომ ეს ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, სიტუაციის შესაცვლელად და ამ ადამიანების დასახმარებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვისაც, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა ამ პრინციპებს და ღირებულებებს”,– თქვა მან.