ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად ჩატარდა – დეკანოზი შალვა სააღდგომო ლიტურგიაზე

დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისას დისტანცია არ დარღვეულა.

კეკელიას განცხადებით, ბევრი ადამიანი სახლში შეგნებულად იმიტომ დარჩა, რომ სხვებისთვის ადგილი დაეთმო.

„ტაძარში ყველაფერი მოწესრიგებულად ჩატარდა, არანაირი დისტანცია არ დარღვეულა, პირიქით, ეზოშიც კი, სადაც მეტრნახევარზე მეტი იყო დაშორება, შენობებში 4 მეტრი. ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად ჩატარდა. მრევლმა ძალიან გაიხარა. ძალიან ბევრი ადამიანი შორიდან მოვიდა. ღვთის მადლით, მადლობა ღმერთს, მოგვეცა იმის საშუალება, რომ მრევლთან ერთად ღვთისმსახურება ჩაგვეტარებინა.

ბევრი ადამიანი სახლში შეგნებულად იმის გამო დარჩა, რომ სხვისთვის ადგილი დაეთმო. მაგალითად, დიდ ხუთშაბათს ვინც ეზიარა, მრევლის ნაწილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შეგნებულ დამოკიდებულებას“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, მრევლის ნაწილმა ინფექციონისტების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და აღდგომის ლიტურგიზე მივიდა. მათ ღამე ტაძრებში გაათენეს და საერთო კოვზით ეზიარნენ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.