ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესს შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს – თალაკვაძე

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი არ აქვს, თუმცა შემთხვევათა მატება არის იმის სიგნალი, რომ დადგენილი რეკომენდაციები და წესები დავიცვათ.

„დღეს, იმ ფონზე, როცა მთელი ევროპის მასშტაბით არის შემთხვევათა ძალიან სწრაფი მატება და მაღალი რაოდენობა, საქართველო კვლავ ინარჩუნებს „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს. ჩვენ ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით არ გვაქვს საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, თუმცა შეინიშნება შემთხვევათა რაოდენობის ზრდა, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაძლევს კიდევ ერთ სიგნალს, რომ მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ უსაფრთხოების წესებს, დავიცვათ ის პრინციპები, რაც ვირუსის ფართო გავრცელებისგან გვიცავს.

იცით, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი კანდიდატები და პროგრამები გააცნონ საზოგადოებას, არავითარი შეზღუდვა და შეფერხება ამ პროცესში არ არსებობს და არჩევნებს ამ მომენტისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს როგორც ხელისუფლება, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს. არჩევნები ჩატარდება მშვიდ, უსაფრთხო, თავისუფალ გარემოში,“- განაცხადა თალაკვაძემ.